როდის გაასაჯაროვებს პროკურატურა ჟვანიას საქმის დეტალებს?

  19:33:28     17-12-2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ძველი და ახალი დეტალების გასაჯაროვებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის სახელით, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.

როგორც ცნობილია, ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე არსებობს შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა. ამ მასალებზე აღბეჭდილია, თუ როგორ და რა ვითარებაში ნახეს ზურაბ ჟვანიას ცხედარი სამართალდამცველებმა.

ის რომ ასეთი ვიდეო-მასალა პროკურატურაში დევს, ირიბად, რამდენიმე თვის წინ, მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა. მაშინ, მან განაცხადა რომ „გარკვეული მოსაზრებების გამო თავი შეიკავეს ზოგიერთი დეტალის გასაჯაროვებისგან“. სააკაშვილმა ეს გარემოება იმით ახსნა რომ არ სურდა ჟვანიას სახელს ჩრდილი მისდგომოდა. თუ რაზე მიანიშნებდა ყოფილი პრეზიდენტი, არ დაუკონკრეტებია... 

რას აპირებს ახალი ხელისუფლება? გეგმავს თუ არა, გარდაცვლილ პრემიერზე მასალების გამოქვეყნებას და როგორ აფასებენ ჟვანიას ოჯახის წევრები ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, „ძველი და ახალი დეტალების“ გასაჯაროვებასთან დაკავშირებით?

„პრესა.ჯი“, პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, თეიმურაზ დოლიძეს, ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგლა ჟვანიასა და მეუღლეს, ნინო ქადაგიძეს დაუკავშირდა.

„პრესა.ჯი“: ოპოზიცია გარდაცვლილი პრემიერის საქმის ახალი და ძველი დეტალების გასაჯაროვებას მოითხოვს. გეგმავთ თუ არა, ამ ფაქტების გამოქვეყნებას?

თეიმურაზ დოლიძე: პროკურატურა როდესაც ჩათვლის საჭიროდ რომ უნდა გასაჯაროვდეს საქმის დეტალები, სწორედ მაშინ გახდება ეს ინფორმაცია საჯარო. რას ნიშნავს ოპოზიციამ მოითხოვა?

- რამდენადაც ცნობილია, გამოძიებას აქვს ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ვიდეო და ფოტო მასალაც... 

- გამოძიება მიმდინარეობს და ასე შუა პროცესში განცხადებების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. როდესაც გამოძიება ბოლომდე გავა და გადაწყდება დეტალებზე საუბარი, ამას თქვენც გაიგებთ“.

„პრესა.ჯი“ ექსპრემიერის ძმას, „ქართული ოცნების“ წევრს, დეპუტატ გოგლა ჟვანიასაც დაუკავშირდა. მან, ჩვენთან საუბარში, საქმეში ახალი დეტალების არსებობის შესახებ  გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორა. თუმცა, კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი ამჯერადაც არ ისურვა.

გოგლა ჟვანია:  „მე არ ვარ გამომძიებელი, შეგიძლიათ მიმართოთ პროკურატურას. გამოძიების დასრულებამდე მე დეტალებზე, მოთხოვნებზე და ასე შემდეგ, საუბარი არ მინდა.

„პრესა.ჯი“: თქვენმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ საქმეში გამოიკვეთა ახალი დეტალები, საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. თუმცა, ასეთი „ახალი დეტალების“ თაობაზე არაერთხელ ითქვა...

- დიახ, არის ეს დეტალები, რასაც ყველა გაიგებს“.

თუ რატომ გაჭიანურდა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება და რა ახალი დეტალებია მისთვის ცნობილი, ამის შესახებ საუბარი არ სურს გარდაცვლილი პრემიერის ქვრივს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასაც.

„პრესა.ჯი“: არსებული ინფრმაციით, გამოძიებას აქვს ვიდეო და ფოტო მასალა, თუ რა მდგომარეობაში ნახეს ზურაბ ჟვანია საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში გარდაცვლილი...

- შუა გამოძიებაში, არავინ საუბრობს მტკიცებულებების გასაჯაროვებაზე. არ მინდა კომენტარი გავაკეთო მანამ, სანამ არ იქნება გამოძიება დასრულებული.

- ძალიან გაიწელა ამ საქმის გამოძიება... არის სიახლე?

- გაიწელა იმიტომ რომ 9 წელი ქვეყნის სათავეში ნაციონალური მოძრაობა იყო. ახლა მოვიდა ახალი ძალა და მას გარკვეული დრო სჭირდება გამოძიებისთვის“.

P.S: ისინიც კი, რომლებიც ფიქრობენ რომ ჟვანია მოკლულია, ვერ საუბრობენ კონკრეტულ გარემოებებზე, ფაქტებსა თუ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც მათ ეჭვებს, მეტ-ნაკლებად რეალურს გახდიან.

სამაგიეროდ, არსებობს ბევრი ფარატინა განცხადება და უამრავი ვერსია იმის შესახებ, „თუ როგორ მოკლეს, აწამეს და შემდეგ კონსპირაციულ ბინაში მიიტანეს ჟვანიას ცხედარი“.

ყოფილი პრემიერის გარდაცვალების თემა საჯილდაო ქვაა ძველი და ახალი ხელისუფლებისათვის. ძველი ამტკიცებს რომ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, ახალი თვლის რომ მოკლეს.

საზოგადოება კი, ყველა მხარისგან, მათ შორის ოჯახის წევრებისგან, განცხადებებსა და ვარაუდებს კი არა, კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს მოითხოვს.