მურმან დუმბაძე: თუ ავთანდილ ბერიძე არღვევს ვალდებულებას, წავიდეს თანამდებობიდან...

  16:32:37     16-12-2013

„ქართული ოცნების“ წევრი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე მის ყოფილ თანაპარტიელსა და მეგობარს, ავთანდილ ბერიძეს გამოესარჩლა. „პრესა.ჯი“ უმრავლესობის წევრს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  ირგვლივ განვითარებული სკანდალის შეფასებისთვის დაუკავშირდა.

„პრესა.ჯი“: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შესაძლოა თანამდებობიდან ახალ წლამდე გაათავისუფლონ, ამის მიზეზი ძვირადღირებული ავტომობილის შესაძენად გამოცხადებული ტენდერია?

მურმან დუმბაძე: ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია, პირადად მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავდივარ ძველი მანქანით. მიუხედავად იმისა რომ პარლამენტიდან იყო შემოთავაზება ახალი ავტომობილების შეძენის თაობაზე, დავდივარ ძველი მანქანით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საჯარო მოხელეს, პარლამენტის სხვა წევრებს, საქართველოს მთავრობისა და რეგიონალური მთავრობის  წევრებს არ აქვთ უფლება ბიუჯეტში ასეთი ასიგნებები გაითვალისწინონ.

-  მორალურ შეფასებაზე გეკითხებით, რატომ აძლევს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავს იმის უფლებას, რომ იაროს 83 300 ლარიანი ავტომიბილით, როცა ბიუჯეტში გარღვევაა და ათასობით ადამიანი გაჭირვების ზღვარს მიღმაა დარჩენილი, თუნდაც ბათუმში?

- შეკითხვა უნდა გავყოთ ორ ნაწილად. ნაწილი პირველი: ირღვევა თუ არა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მუხლები და მეორე, რამდენადაა მორალური მხარე მოწესრიგებული. არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, რეგიონალურ ბიუჯეტს ამის ექსკლუზიური უფლება აქვს, რომ შეიძინოს ის ავტომობილი თუ სხვა საჭირო ინვენტარი, რასაც აჭარის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს და წერტილი...

ახლა მორალურ საკითხს რაც შეეხება, რახან მიდის ამის განხილვა საზოგადოებაში, ბატონმა ბერიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტენდერიდან ეს საკითხი მოეხსნა. აჭარის ავტონომიური ბიუჯეტით მაქანა შეძენილი არ იქნება.

- გადაირჩინა თუ არა ავთანდილ ბერიძემ ტენდერის მოხსნით თავი?

- ბერიძეს რომც ეყიდა 83 ათასიანი მანქანა, მაინც გადარჩებოდა. მის თანამდებობასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს.

- ანუ ხმები იმის შესახებ, რომ ავთანდილ ბერიძეს ახალ წლამდე  გაათავისუფლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება?

- ეს არის გადაჭარბებული ნათქვამი, ჟურნალისტების მხრიდან. თანამდებობრივ საკითხს ეს საკითხი არ უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი სამართლის დარღვევა არ არის დაფიქსირებული. თუ ავთანდილ ბერიძე არღვევს ვალდებულებას, წავიდეს თანამდებობიდან. თქვენ ვერ დაასახელებთ მთავრობის რომელიმე წევრს, რომელსაც მანქანა არ ჰყავდეს. ბერიძის მანქანა არ არის გამოშვებული 2012 წელს, როგორც ამას მასმედია ავრცელებს. მანქანა გამოშვებულია 6 წლის წინ. ბერიძე არის ადამიანი, რომელსაც სპეციალური სახელმწიფო დაცვა ემსახურება. მას დაცვის სამსახურმა მისცა დასკვნა, რომ ავტომობილი მოძველებული იყო და უნდა შეცვლილიყო.

- შესაძლებელია მოძველდა მისი ტრანსპორტი, თუმცა აქ საუბარია ახალი მანქანისთვის შესაძენად გათვალისწინებულ 83 300 ლარზე, მაშინ, როცა ბათუმი ჩაბნელებული, ხოლო ბიუჯეტი გარღვეულია!

- დიახ ეს არის კოლოსალურად დიდი თანხა, თუმცა ბერიძის სასარგებლოდ შემიძლია გითხრათ, რომ მან გაითვალისწინა საზოგადოებრივი ინტერესი და ტენდერი გააუქმა...

- ტენდერის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ რაც კალაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა და დაგმო ბერიძის საქციელი...

- არა, არა, არავითარ შემთხვევაში, კახი კალაძის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, პირადად მე დამიკავშირდა ბერიძე, შეგიძლიათ მას არ ენდოთ და მენდოთ და მითხრა რომ ტენდერი გააუქმა.

- ავთანდილ ბერიძე, სხვა ჩინოვნიკებისგან გამოირჩევა, თავს ვიპ პერსონას უწოდებს, ჰყავს ქოლგის დამჭერი, სეირნობს მაქანით  ბათუმის ბულვარში, ცოტა უხერხული ხომ არ არის?

 - ვიპ პერსონა არის ოფიციალური სტატუსი. აჭარაში არის ორი ადამიანი ვისაც ემსახურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ეს არის ხაბაძე და ეს არის ბერიძე...