დავით ნარმანია: მზად ვარ ვედებატო გიგი უგულავას... (ექსკლუზივი)

  17:21:54     14-12-2013

თბილისი მომავალ მერს 6 თვეში აირჩევს. პრესა.ჯი „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ნარმანიას, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ინტერვიუდან შეიტყობთ, თვლის თუ არა, რეგიონალური და ინფრასტრუქტურის აჟამინდელი მინისტრი მოქმედ მერს მთავარ კონკურენტად, ასევე,  რა პასუხი აქვს მას კორკოტასთვის, რომელიც  აცხადებს რომ ნარმანია ნახალოვკისა და ვერის სუნთქვას  ვერ იგრძნობს.

პრესა.ჯი: თვითმართველობის შესახებ კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავვტორი თქვენ ხართ საქართველოს პატრიარქმა დაიწუნა. პარიარქმა პროექტს ქვეყნის დაშლის საფრთხის შემცვლელიც კი უწოდა. რა სადავო პუნქტები იყო პროექტში და იქნა თუ არა, გათვალისწინებული შენიშვნები, რომელიც საპატრიარქოსა და არასაპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდა?

დავით ნარმანია: პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია უფრო ადრე გამოგვეხმიანა ამ საკითხთან დაკავშირებით. გვქონდა ჩვენ მათთან განხილვები, ორი განხილვა ჩატარდა მათთან და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

მათ გარკვეულ ნაწილს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. რასაც ისინი საფრთხეების სახით ხედავდნერნ, ჩვენ მიერ იქნა პასუხგაცემული. მე ესე ვიტყოდი, რომ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში, ასე თუ ისე, საერთო კონსესუსამდე მივედით. თუმცა, ოპოზიცია ფიქრობს რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე, ცვლილებების განხორციელება ვერ მოესწრება.

არჩევნებამდე 6 თვე გვაშორებს და ჩემი მოსაზრებით, არ წარმოადგენს არსებით სირთულეს, იგივე, ვთქვათ 7 ქალაქში, როგორც ეს საბოლოო პროექტის მიხედვით არის განსაზღვრული, ცვლილებების განხორციელება.

რაც შეეხება საპატრიარქოს, ვიდრე ეს განცხადება გაკეთდებოდა, რამდენიმე დღით ადრე მქონდა საპატრიაქროში შეხვედრა, რომელსაც უწმინდესიც ესწრებოდა. მე მათ ვუთხარი, როცა მათი პოზიცია მოვისმინე რომ რადგან ისინი საფრთხეს ხედავდნენ კანონპროექტში, მზად ვიყავით დავმსხდარიყავით და გაგგვეკეთებინა პრეზენტაცია. უფრო დეტალურად გაგვევლო გარკვეული საკითხები.

ეს საკმაოდ სქელტანიანი კანონპროექტია და ჩვენ, ავტორებმა, ვიცით ძირითადი არსი, რაც გვაქვს ამ პროექტში ჩადებული. როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანისგან არასწორად იქნა დანახული ეს ყველაფერი და მიწოდებული პატრიარქისთვის.

თუმცა, მისი უწმინდესობის განცხადებამ დაასწრო ჩვენს განხილვას, ჩვენ შეხვედრა უნდა გვქონოდა პარასკევ-შაბათს... პატრიაქის განცხადება კი გაკეთდა სამშაბათს. ჩვენ მაინც ჩვენს აზრზე დავრჩით, რომ საჭიროების შემთხვევაში გავაკეთოთ დეტალური განხილვა საპატრიარქოშიც. თუმცა, ამავდროულად, განხილვები მიმდინარეობდა მთავრობაში.

ჩვენ ორი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა განხილვები უმრავლესობის წევრებთანაც. გარკვეული ნაწილიც შევცვალეთ ამ კოდექსში. ეროვნულ უსაფრთხოებასთან, გრანტის გაცემის წესთან, თვითმმართველობების სამხარეო გაერთიანებასთან დაკავშირებული კომპონენტები მნიშვნელოვანწილად შეიცვალა და დაიხვეწა. ამ ნაწილებთან დაკავშირებით ჰქონდათ ჩვენ ოპონენტებსაც, მათ შორის საპატრიარქოსაც  პრეტენზია. ის საფრთხეები რასაც ისინი ხედავდნენ, უკვე განეიტრალებულია.

- პატრიარქის თქმით, თქვენი კანონპროექტი ქვეყნის დაშლას გამოიწვევდა... გინდათ თქვათ რომ ყველა მისი შენიშვნა გათვალისწინებულია?

- მე ვერ გეტყვით რამდენად მიიღო პატრიარქმა პასუხი... პერიოდულად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია ექნებათ საპატრიარქოშიც.

- 2013 წელს მთავრობა თქვენი სამინისტროს გაუქმებას გეგმავდა. თუმცა, მოხდა ისე რომ სამინისტროს, დახურვის ნაცვლად, დაახლოებით 200 მილიონი ლარით გაეზარდა ბიუჯეტი,. რატომ გადაწყდა სამინისტროს შენარჩუნება, რაში დაიხარჯა ეს თანხა და  იგეგმება თუ არა სამომავლოდ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმება?

- ეს უწყება არ გაუქმდება, როგორც თავიდან იყო ნავარაუდები. აქ საუბარი იყო იმაზე რომ ეს სამინისტრო თავისი პროექტებით შესაძლოა ეკონომიკის სამინისტროს მიერთებოდა. მაგრამ როცა გაკეთდა შესაბამისი ანალიზი, არ იქნა მიზანშეწონილი ამის გაკეთება.

ვფიქრობ რომ მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ჩვენ გარკვეული პროექტების ოპტიმიზაცია გავაკეთეთ. მაგალითად, მარაბდა–კრწანისის რკინიგზა გადავეცით ეკონომიკის სამინისტროს, პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა კი ეკონომიკის სამინისტროდან ჩვენ გადმოვიბარეთ და ასე შემდეგ.

ღირებულებიით სამუშაოებს რაც შეეხება, 11 თვის განმავლობაში ჩვენ 20 მილიონი ლარით მეტი სამუშაოები შევასრულეთ, 2012 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით. ტენდერებიც უფრო მეტია გასულ წელთან შედარებით. საინტერესოდ ვიმუშავეთ 2013–ში და საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს 2014 წლისთვისაც.

- მერის კანდიდატად თქვენმა დასახელებამ საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, ეს ფაქტი გააპროტესტეს კოლაიციის წევრებმაც. მაგალითად დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა. ოცნების მხარდამჭერ მსახიობ ზურაბ კორკოტაშვილის თქმით კი, ახალ მერს თბილისის მაჯისცემა უნდა ესმოდეს. კორკოტაც  დასკვნა ასეთია – თქვენ, ნახალოვკისა და ვერის სულს ვერ იგრძნობთ...

- კორკოტაშვილს მე ერთხელ უკვე ვუპასუხე ამ თემასთან დაკავშირებით. ეს საკმარისია. ჩვენ, მთავარი ფასეულობები რაც გვაქვს, ესაა ის რომ რაც შეიძლება მეტი საქმე ვაკეთოთ და რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოვუგვაროთ მოსახლეობას. საქმე  გავაკეთოთ იმ ადამიანებმა, ვისაც გვაქვს შესაბამისი გამოცდილება.

ყოველთვის იქნებიან ალტერნატიული მოსაზრების ადამიანები, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება. მათ შორის უმრავლესობის წევრებსაც. ეს მე სტიმულს მაძლევს, გავაკეთო უფრო მეტი.

დავანახო მათ ჩემი პლუსები რომ შეიცვალონ პოზიცია, თუ არ შეიცვლიან, ესეც არ არის პრობლემა. ხოლო, ვინ რომელი კუთხიდან არის, როგორი ტონით საუბრობს ან თუნდაც რომელ უბანში გაუვლია, ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს... მთავარია საქმე გაკეთდეს.

- თქვენი მთავარი კონკურენტი მერის არჩევნებზე, სავარაუდოდ, მოქმედი მერი გიგი უგულავა იქნება, რომელთანაც თბილისის განახლება–რეაბილიტაცია ასოცირდება... საზოგადოებაში ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატიც განიხილება. თქვენი აზრით, რა შანსები აქვთ მათ?

- ვიტყოდი რომ არანაირი, მათ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეს. საზოგადოებამ დაინახა ვინ რა გააკეთა, ამ წლების განმავლობაში. მე მოვდივარ კონკრეტული პროგრამით.

- გიგი უგულავამ, თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დებატები არაერთხელ შემოგთავაზათ, რატომ არ თანხმდებით მას?

- მსგავსი შემოთავაზება მე არ მიმიღია. თუმცა, სანამ წინასაარჩევნო კამპანია არ დაიწყება, მასთან დებატების აზრს ვერ ვხედავ. მზად ვარ ვედებატო გიგი უგულავას, წინასაარჩევნო პერიოდში.

- უგულავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა, მერის კანდიდატად, თქვენი სახით, კალიგულას პონი შემოგვთავაზა...

- უგულავას ურჩევნია მისი „ბრძნული“ გამონათქვამები თავისთვის შეინახოს. საზოგადოებას ყელში ამოუვიდა მათი 9 წლიანი მმართველობისას მსგავსი მიდგომები. მსგავსი საქციელი მის რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა დაწევს. მე არ ვურჩევდი მას იგივე ტონით გააგრძელოს საუბარი.

- აცხადებთ, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ქალაქის ახალ რელსებზე გადაყვანას გეგმავთ, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?

- ეს ნიშნავს სამ რამეს: პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პრობლემებისა და საჭიროებების კარგად დანახვა და ანალიზი. ეს მიუღწეველი იქნება საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტის გარეშე.

ამიტომ, მე მექნება საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. ეს იქნება ყველა პრობლემის დალაგება – სიმწვავის მიხედვით, მოხდება მათი სწორი პრიორიტიზაცია. და მოხდება არსებული რესურსებით ამ პრობლემების ეტაპობრივი მოგვარება.

ცხადია, ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარება არის შეუძლებელი, ამის ამბიცია არავის უნდა ჰქონდეს. რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მოწესრიგებულად. ხარისხს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

- რა არის ნომერ პირველი პრობლემა თბილისისთვის?

- პირველი პრობლემა დაკავშირებულია ადამიანების საცხოვრისთან. ნომერ მეორე პრობლემაა გადაადგილებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები. მესამე – ეს არის ჯანდაცვა და სოციალური პრობლემები. ეს არის ის სამეული, რომელიც ყველაზე მწვავედ დგას თბილისში.

- როგორ აფასებთ სოციალური პრობლემებით დახუნძლულ და ბიუჯეტგარღვეულ ქვეყანაში, პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის ხელფასის გაორმაგების ფაქტს, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრის ხელფასი, რომლის ფუნქციას გაცილებით გაზრდილია, არ შეცვლილა?

- წინა პრეზიდენტს, მისი ხელფასი საერთოდ არ აინტერესებდა, მას კვების სხვა წყარო ჰქონდა და ასე ვთქვათ, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრებით ის კარგად იყო განებივრებული. ახალი პრეზიდენტი აბსოლუტურად სუფთა ადამიანია. ის არ აპირებს საბიუჯეტო თანხების მითვისებას. ადამიანს, რომელიც არი ქვეყნის სათავეში, სჭირდება შრომის ადეკვატური ანაზღაურება. პრეზიდენტს მინისტრის ხელფასზე ოდნავ მეტი ხელფასი აქვს.

- თქვენ თუ გაგეზარდათ ხელფასი და რამდენით?

- ჩემი ხელფასი არ გაზრდილა, უბრალოდ, საერთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთი წლის წინ, ვთქვათ, ადრე, რა პრემიებსაც იღებდნენ შრომის ანაზღაურების სარგოს სახით, ეს არის 6 300 ლარი, ხელზე ასაღები, რაც არის ჩვეულებრივი მინისტრის ხელფასი.

- ჩვენი ჰოლდინგის ჟურნალისტმა თბილისის მოსახლეობა გამოკითხა, გამოკითხულთა უმრავლესობა აპროტესტებდა სწორედ იმ ფაქტს, რომ როცა ბიუჯეტში გარღვევაა, პრეზიდენტმა არ უნდა მისცეს თავს უფლება, ხელფასი გაიორმაგოს...

- ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ელემენტარულად უნდა ამოვიდეთ იქიდან, თუ რა დატვირთვის და ფუნქციის მატარებელია ესა თუ ის თანამდებობის პირი.

ასე ვთქვათ, რა რესურსები სჭირდება მას. თუ მარეგულირებელი კომისიის წევრებს ხელფასის სახით 13 000 ლარი აქვთ, რატომ არ უნდა ჰქონდეს დარიცხული 9 000 ლარი ქვეყნის პრეზიდენტს. ხელზე ის იღებს 7 000-სს ან ოდნავ მეტ ლარს.

არ არის ეს ძალიან მაღალი შრომის ანაზღაურება. მეორე მომენტია ის რომ ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი სოციალურად შეჭირვებული ადამიანი ჰყავს. ქვეყნის ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომ ამ ადამიანებს გაუუმჯობესდეს მდგომარეობა. პენსიები წელს გაიზარდა 125 ლარამდე.

იგივე უსახლკაროებისთვის თბილისში დროებითი თავშესაფრები გავაკეთეთ. კეთდება სპეციალური პროგრამა და გაზაფხულიდან ამ ადამიანებს უკეთესი პირობები ექნებათ. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ იმას, რომ საზოგადოებამ არ თქვას ის რომ ხელფასები მოვიმატეთ და საზოგადოებრივი მდგომარეობა დარჩა იგივე. ჩვენი ხელისუფლება არ მოსულა ხელფასების გასაზრდელად.

- ივანიშვილზეც  მინდა გკითხოთ, შეხვდით თუ არა მას, ე.წ. სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ და მიიღებთ თუ არა, მისგან რჩევებს მერად არჩევის შემთხვევაში?

- უნდა ითქვას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის რჩევები ყოველთვის სასარგებლო და ღირებულია. მისი რჩევები საზოგადოებრივ სექტორში გადასვლის შემდეგაც ძალიან ყურადსაღები იქნება.

რაც ის პრემიერი არ არის, მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი. მას სამოქალაქო სექტორიდან ძალიან კარგი რაღაცების გაკეთების შესაძლებლობა ექნება და ბევრს შესძენს ქვეყანას იმ სექტორიდან. მე ამ სექტორს კარგად ვიცნობ, რდაგან ბოლო წლებში, სწორედ აქ ვმუშაობდი. როცა ბევრ რამეს ვაკეთებდით, მაშინ წინა ხელისუფლება ჩვენ ყურს არ გვიგდებდა.

- დიდთოვლობამ პრობლემები შეუქნა ქვეყანას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აჭარაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტოენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემები იყო საავტომობილო გზებზე. მთავრობა მომზადებული არ შეხვედრია მოსალოდნელ დიდთოვლობას. რატომ?

- მიუხედავად გამოდარებისა, მოსალოდნელია შემდეგ ორ დღეში ამინდის კვლავ გაუარესება. ჩვენ ტექნიკა მობილიზებული გვყავს. ასევე კერძო კომპანიებიდან, რომლებიც საგზაო სამუშაოებს ასრულებენ, ვითხოვეთ ეს ტექნიკა, რომელიც გადანაწილებულია.

გზებზე მოძრაობის თვალსაზრისით პრობლემები არ არის. მაღალმთიანი სოფლების გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აჭარაში ჩვენი ტქნიკა დღესაც მუშაობს, ბოლო სატელეფონო ზარიც მოწმობს იმას, რომ თვითმმართველობებს, ზედა სოფლებს მაქსიმალურად მივეხმაროთ. ეს არის მთავარი.

ტექნიიკა 24 საათის განმავლობაში მუშაობს. 34 ზონად გვაქვს დაყოფილი საქართველოს ტერიტორია. რაც შეეხება კიხვის მეორე ნაწილს, იყო თუ არა, მთავრობა მომზადებული, გეტყვით, რომ მთავრობა მომზადებული იყო. თუმცა ამ ნალექების ერთბაშად მოსვლისთვის მთლად ბოლომდე ვერ მოვემზადეთ.

როცა ძალიან დიდი ნალექი მოდის, პრობლემებიც იჩენს თავს. ზოგან გზის გაწმენდა ვერ ხერხდება, რაც მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა, მთავარია, რომ ეს პრობლემები გვარდება.