რესტორან „ქართლში“ მომხდარი ჩხუბის დეტალები

  15:50:05     06-12-2013

გლდანში მდებარე რესტორან „ქართლში“ მომხდარი ჩხუბის დეტალებს „პრესა.ჯი“-ს რესტორნის მენეჯერი, ნათელა ლაშხია უყვება.

ლაშხია ირწმუნება, რომ ჩხუბი დაწესებულებაში  სავახშმოდ შესულმა ახალგაზრდებმა გამოიწვიეს, რომლებმაც მიმტანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„თანამშრომლები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მიმტან გოგონას. ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

საქმეში დაცვის წევრიც ჩაერთო, რის შემდეგაც  მასაც მიაყენეს შეურაცხყოფა, ამის შემდეგ  პასუხისმგებელმა პირმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია“, -   აცხადებს რესტორნის მენეჯერი.

ლაშხიას თქმით, თავდაპირველად დაძაბულობა სუფრის წევრებს შორისაც იყო.

„სუფრის წევრებს შორის იყო თავიდან ხმაურიანი საუბარი. შემდეგ კი რამდენიმე მათგანმა მიმტან გოგონას უმიზეზოდ, უხეშად, უწმაწური სიტყვებით მიმართა, ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით მისულ დაცვის წევრს კი შეაგინეს, დალეწილია ინვენტარი.

პოლიციამ სუფრის 10- ვე წევრი განყოფილებაში წაიყვანა, რესტორნის თანამშრომლები კი სახლში იმყოფებიან“, - დასძინა ნათელა ლაშხიამ.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი ქალბატონი პოლიციამ გუშინვე გაათავისუფლა. დანარჩენ შვიდი მოქალაქის სასამართლო კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საქმე საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173- ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.