
ექსკლუზივი: მერის პოსტზე ნარმანიას ხუხაშვილიც იწუნებს, თუმცა „დათო საყვარელი მინისტრია“
14:22:26     05-12-2013
„პრესა.ჯი“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, გია ხუხაშვილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, კოალიციის შიგნით არსებულ პრობლემებზე, პოლიტიკურ ამინდზე და საგარეო საფრთხეებზე ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს:
„პრესა.ჯი“: პოლიტიკური არეალიდან სრულიად მოულოდნელად გაქრით, რამაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. საუბრობდნენ, რომ თქვენს გარშემო არსებული სკანდალების გამო, ივანიშვილი დაგიპირისპირდათ...
გია ხუხაშვილი: ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს შევახსენებ, რომ მე ჯერ კიდევ ორ ოქტომბერს ვთქვი, რომ არ ვარ პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე, უბრალოდ შევედი ამ ციკლში დროებით.
მოვიქეცი ისე როგორც თავიდან მქონდა დაგეგმილი. ურთიერთობებში პრობლემა არავისთან არ მაქვს. დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ჩემი მეგობრები და ბიძინა ივანიშვილთანაც ვმეგობრებ.
ადამიანებს უბრალოდ ვერ წამოუდგენიათ რომ თავისუფლება უფრო ღირებულია, ვიდრე კონკრეტული თანამდებობა. მე სისტემის ჭანჭიკად ყოფნა არ მინდოდა, თავისუფლება მირჩევნია.
- შეხვდით თუ არა, ბიძინა ივანიშვილს მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა და აპირებთ თუ არა, მასთან მუშაობას სამოქალაქო სექტორში?
- თანამშრომლობას დრო აჩვენებს, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. ბიძინა ივანიშვილი და მეც მათ შორის, ვფიქრობთ, რომ ახალ მთავრობას გარკვეული დრო უნდა მიეცეს სამუშაოდ. დაუშვან შეცდომები, თუმცა, იმედი მაქვს რომ არ იქნება დიდი შეცდომები დაშვებული. ამ წუთას კი, არ ვარ განწყობილი საიმისოდ რომ ოპონირების რეჟიმზე ვიყო.
იმედი მაქვს რომ გაზაფხულიდან რაღაც ტიპის თანამშრომლობა შედგება. რა ფორმატში და რა ფორმით, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. გაირკვევა ყველაფერი. თუმცა, პირად ურთიერთობას ხელს ვერაფერი შეუშლის. სხვაა საქმიანი ურთიერთობა. ამას დრო გვიჩვენებს.
- ხომ არ სჭირდება ღარიბაშვილის მთავრობას გადახალისება, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა მინისტრ ხადურს ხსნიან, საუბარია წულუკიანზეც...
- საკადრო ცვლილებებზე საუბარი ძალიან ნაადრევია. პატარა პერიოდია რაც დამტკიცდა მთავრობის შემადგენლობა. ის რომ მთავრობა იგივე შემადგენლობითაა წარმოდგენილი, ესეც აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ღარიბაშვილი ამ ადამიანებთან მუშაობდა.
რაც შეეხება კითხვას - მოსალოდნელ ცლილებებზე, ვფიქრობ ეს არალოგიკური კითხვაა, ჩემი აზრით, ადამიანს უნდა მისცე საშუალება იმუშავოს 2-3 თვე რომ დაინახო მისი შესაძლებლობები. თუმცა ეს პრემიერის გადასაწყვეტია. პირადად მე, საკადრო ცვლილებების ალბათობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.
- იყო თუ არა, ქართულ ოცნებაში განხეთქილება იმის გამო რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტები ივანიშვილის კარზე ნაკლებად ან მეტად იყვნენ დაწინაურებულნი?
- იცით რა არის, კონფიგურაცია ყოველთვის ლაგდება რაღაც გარკვეული სიტუაციიდან გამომდინარე. შეიძლება ივანიშვილს ვიღაცასთან უფრო ხშირი კონტქტი ჰქონდა, ვიღაცასთან კი ნაკლები. სხვანაირად ეს შეუძლებელია.
ყველა ასე ვართ, ვიღაცასთან მეტი ურთიერთობა გვაქვს, ვიღაცასთან ნაკლები, მაგრამ ეს იმიას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა ისე როგორც ნაციონალების დროს. განხილვები მიმდინარეობდა საკმაოდ ფართო მასშტაბით.
იქ იყვნენ და არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა პოლიტიკური შეხედულება განსხვავებულია, მაგრამ ეს არ უშლიდათ ამ ადამიანებს თანამშრომლობაში ხელს. ფავორიტები და არა ფავორიტები... ამ ტერმინოლოგიით საუბარი მეამიტურია, ჩემის აზრით.
- არის თუ არა კოლაიციის დაშლის შესაძლებლობა?
- ორი-სამი წლის შემდეგ შესაძლებელია რომ კოალიცია გარკვეულმა ძალებმა დატოვონ, რადგან 100 % იანი თანხვედრა მათ მსოფლმხედველობასთან არ არის.
- ელოდებით თუ არა, რუსეთისგან პროვოკაციებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე?
- რა თქმა უნდა საფრთხეს ველოდები. რუსული პოლიტიკა გასაგებია როგორიც იქნება. ისინი შეეცდებიან ამ გზაზე საქართველოს შეუქნმან პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები არ იქნება უკრაინის პრობლემების ანალოგიური, რადგან იქ სულ სხვა ტიპის პრობლემებთან გვაქვს საქმე.
ეს ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ერთი მხრივ არსებობს საფრთხე რომ უკრაინის ეკონომიკა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს, რუსული სანქციების ამოქმედებისთანავე.
უკრაინის ეკონომიკა დღეს არის ენერგო ტევადი ანუ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებული. შესაბამისად, ამ ფაქტორზე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დახუჭავს თვალს. მე ვფიქრობ რომ აქ შუალედური ვარიანტია მოსაძებმნი, ევროკავშირმა კომფენსირება უნდა შეძლოს.
- რა ბერკეტს გამოიყენებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში?
- აქ მე ველოდები პოლიტიკური ბერკეტის ამოქმედებას. რაც ოკუპირებული ტერიტრიებით გამოიხატება. რუსეთს ექნება მცდელობა კიდე უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით და მოახდინოს დისტანცირება ოკუპირებული ტერიტრიებისა - საქართველოს სივრცისგან.
ეს მოგვარებადი პრობლმაა, თუმცა ამისთვის საჭიროა შიდა ეკონომიკის გაჯანსაღებაც. ევროინტეგრაციამდე ჩვენ ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის რომ შევქმნათ კონკურნტული ეკონომიკა, რომ არ ჩამოვყალიბდეთ უბრალოდ ევროკავშირის პერიფერიაზე მყოფ მომხმარებელ ქვეყნად. ეს რისკი არსებობს და ამ მიმართულბით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.
- „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის შანსებს როგორ შეაფასებდით, არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლებელია მას ლევან გაჩეჩილაძე დაუპირისპირდეს...
- დათო ჩემთვის საყვარელი მინისტრია, ძალიან პატიოსანი და მშრომელი ადამიანია. მაგრამ რაც შეეხება მის შანსებს, მერობასთან დაკავშირებით, აქ მე ჩამოყალიბებული არ ვარ.
კითხვის ნიშანი არსებობს არა ჯიგრობისა და თბილისელობის გამო, არამედ, უბრალოდ, არ მგონია, რომ მილიონიან ქალაქში ვერ მოიძებნება შესაბამისი ადამიანი, რომელსაც ადგილობრივი პრობლემები შინაგანად უფრო ახლოს ესმის. უფრო ლოგიკური იქნება, რომ ნებისმიერ თვითმართველობაში იყვნენ იმ ადგილზე ფესვებით შეზრდილი ადამიანები.
რაც შეეხება გაჩეჩილაძეს, მე რამდენადად ვიცი, მას არ აქვს პოლიტიკური ამბიციები.