ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

  05:01:58     05-12-2013

ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია დღეს ბაქოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიას დაესწრო. ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის ნომინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგანაც ეს პირველი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის ამოქმედების შემდეგ დაამტკიცა", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მათივე შეფასებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. "ეს ახალი ნომინაცია აამაღლებს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც არა მხოლოდ შემოინახა ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია, არამედ დღესაც აცოცხლებს მას ქართული სტუმართმოყვარეობის, ადამიანთა ურთიერთობისა და მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების აღმნიშვნელი ტრადიციებით. ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის შეტანა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში, ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 2011 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს მიენიჭა უმაღლესი ეროვნული ძეგლის სტატუსი", - განმარტავენ უწყებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ 2012 წლიდანაა შექმნილი მრავალდისციპლინარული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა იუნესკოს ნომინაციაზე წარსადგენი დოკუმენტაცია. იუნესკოს მოთხოვნით მომზადდა ქვევრის ღვინის დაყენების ამსახველი 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმიც (რეჟისორი მერაბ კოკოჩაშილი). ამასთან, ქართული მხარის მიერ უკვე შემუშავებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც მომავალში პარლამენტს წარედგინება განსახილველად.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია იუნესკომ 2003 წელს მიიღო. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიჩნეულია ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები, რიტუალები, ფესტივალები, ხალხური რეწვა, ადათ-ჩვევები, კულტურული სივრცეები.

საქართველო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა, რითაც სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მის იდენტიფიკაციას, ინვენტარიზაციას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას და ა.შ.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე მიანიჭა გოგებაშვილის "დედაენას", "ფერხულს", "ბერიკაობას", კახურ მრავალჟამიერს, მესხური ტენური ყველის დამზადების მეთოდს, ჟურნალის "დილა" ტრადიციას. 

აღსანიშნავია, რომ ბაქოში მყოფი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი რუსუდან წურწუმია და ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი.

შეგახსენებთ,  რომ იუნესკო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პირველმა კულტურის ექსმინისტრმა ნიკა რურუამ გაავრცელა. „ეს სჯობს ჩემგან გაიგოთ, რომ კულტურის სამინისტრომ ეს საკუთარ მორიგ მიღწევად არ ჩაითვალოს", - წერს ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვევრი UNESCO-ს მსოფლიოს არამეტერიალური კულტურული ძეგლების სიის ნომინაციაში სწორედ მისი მინისტრობის დროს შევიდა.

news.ge