გუგავა: როდესაც ვერ შეასრულე ვერცერთი დანაპირება, ხელფასის გაორმაგება უზნეობაა

  14:36:11     04-12-2013

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა გიორგი მარგველაშილის მიერ ხელფასის გაორმაგების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ უნამუსო უნდა იყო ადამიანი, როცა მილიონზე მეტი ადამიანი გყავს მშიერი და ხელფასი გაიორმაგო. „პრესა.ჯი“ ოპოზიციის წარმომადგენელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა:

გიორგი გუგავა: უკრაინელი ხალხი ალბათ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ მხოლოდ ევროინტეეგრაციაზე არ არის საუბარი. აქ არის საშიშროება იმისა, რომ ქვეყანა გაიყოს ორ ნაწილად: დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად. დიდი იმედი მაქვს, უკრაინელი ხალხი ყველა ამ რისკს გაითვალისწინებს და მიიღებს სასიკეთო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კიევის ცენტრში მიმდინარე აქციებში „ნაციონალების“ ჩაკვეხებას, სწორედ მათზეა ნათქვამი, რომ ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.

„პრესა.ჯი“: რა გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო მუხტი საქართველოზე, ზოგიერთი ექსპერტი პროგნოზირებს, რომ ევროკავშირთან პარაფიცირებამდე რუსეთი საქართველოშიც შეეცდება პროვოკაციებს...

- ხშირ შემთხვევაში ჩვენ, იმ პრობლემების მიზეზებს, რომელიც ქვეყანაშია, ვეძებთ სხვაგან. ბუნებრივია, გარე ფაქტორები არსებობს, მაგრამ ჩვენ შიგნით არ გვაქვს მოგვარებული პრობლემები. ხელისუფლება არ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება საერთო ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას. ევროპული ოჯახი, პირველ რიგში, ითვალისწინებს მოგვარებულ სოციალურ პრობლემებს. ევროპულ ქვეყანაში არ უნდა იყოს მოსახლეობის დიფერენცირება ელიტად და ღარიბ-ღატაკებად. არ უნდა გყავდეს ქვეყანაში მშიერი, მწყურვალი უსახლკარო. ჩვენთან კი ასეთ მოსახლეობას მესამედი წარმოადგენს. ევროპა არ სცნობს ისეთ მონოპოლიებს, როგორიც საქართველოშია. ეს იყო წინა ხელისუფლებაშაშიც და წარმატებით გაგრძელდა ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს განაპირობებს ხელისფლებაში მყოფი ვიწრო ჯგუფის გამდიდრებას და დანარჩენი ქვეყნის გაღატაკებას. ევროპული სტანდარტები არ სცნობს არჩევნების გაყალბებას, რომელიც განახორციელა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისას. მოკლედ, ხელისუფლებამ რომ თავისი სიმახინჯე გადაფაროს, გარეთ ეძებს „ბუას“.

რაც შეხება კითხვის მეორე ნაწილს, რუსეთთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა დარეგულირდეს პირდაპირი დიალოგით. ჩვენი მთავარი ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენ არ გვაქვს, ქვეყნის შესაძლებლობებისა და გეპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, იმის ფუფუნება, გავატაროთ მკვეთრი დაპირისპირება, ასეთ შემთხვევაში, გავიჭყლიტებით და მივიღებთ იმ შედეგებს, რაც მივიღეთ 2008 წელს. დღეს ხელისუფლებაში ჭიკჭიკებენ, რომ რუსეთს ჩვენზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია. მოიძებნება ეს ბერკეტიც. ამიტომ გონივრული პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

- სოციალური ფონი ახსენეთ, მინდა მარგველაშვილის გაორმაგებულ ხელფასზეც გკითხოთ, რომელიც 4 500 ლარის ნაცვლად 9 000 ლარს შეადგენს...

- მაშინ როდესაც ხელისუფლენას მილიონიანი გარღვევა აქვს ბიუჯეტში, ამასთან აპირებენ დამატებითი ვალის აღებას, ვერ ასრულებს ბიუჯეტში გაწერილი სამუშაოების შესრულებას, როდესაც ქვეყანაში გყავს მილიონამდე მოქალაქე, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა, როდესაც ვერ შეასრულე ვერცერთი დანაპირება, არჩევიდან პირველივე გადაწყვეტილებით იორმაგებ ხელფასს, ეს არის უნამუსობა, უზნეობა. მეტსაც გეტყვით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ბიუჯეტის ხარჯზე ექსკლუზიურად გააფორმა კონტრაქტები სასტუმროებსა და რესტიორნებთან, რომ ჩვნი გადახდილი თანხით დეპუტატებმა დრო ატარონ და იგრიალონ.

თურმე პარლამენტართა ავტომობილების პარკირების ფულიც ბიუჯეტიდან უნდა გავიღოთ.  საახალწლოდ ხელისუფლება და პარლამენტის წევრები გასამმაგებულ პრემიების მიღებას გეგმავენ. ეს იმ ფონზე, როცა 70 000 ბავშვი შიმშილობს. ევროპაში შესაშვები კი არა ესენი აქედანაც გასაძევებლები არიან. სახეზე გვაქვს მათი ოცნებაც.

- ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ სექტრში გადაბარგებამდე თბილისის მერის კანდიდატად დავით ნარმანია დაასახელა, როგორ შეაფასებდით მის შანსებს?

- ივანიშვილის სურვილია ფარდას ამოფარებულმა მართოს მის მიერ ხელდასმული მარიონეტები. ერთი პრემიერად დაგვინიშნა, მეორე მარიონეტი გვყავს პრეზიდენტის სახით, მესამე პარლამენტის თავმჯდომარედ. ახლა კი უნდა მორიგი მარიონიტი შემოგვთავაზა ნარმანიას სახით, რომლის ბეგქრაუნდი სოროსის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობაა. მაინტერესებს, რომელი ევროპული, ცივილური ქვეყანა აიტანს იმას, რომ ოლიგარქი იჯდეს თავის შუშის სასახლეში და იქიდან გვინიშნავდეს პრეზიდენტებს, მერებს, პრემიერებს და პირველ ლედებსაც კი.