
(ექსკლუზივი) მიხეილ უკლება: საქართველო რა შუაშია იმ პროცესებთან, რაც უკრაინაში ხდება?
13:29:43     03-12-2013
საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება კიევის ცენტრში მიმდინარე დემონსტრაციებისას დაშავებულ ქართველებზე ინფორმაციას არ ფლობს.
„პრესა.ჯი“ ელჩს უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი აქციების კომენტირებისთვის დაუკავშირდა.
„პრესა.ჯი“: თუ არიან დაშავებულთა შორის ქართველები?
მიხეილ უკლება: ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩვენთვის ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. ბლო ორი დღის მონაცემებით, ჩვენთან ქართველთა დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
- კიევში მყოფ ქართველებთან ინტენსიური კავშირი თუ გაქვთ?
- აქ უდიდესი დიასპორული ორგანიზაციაა და როგორ შეიძლება მათთან ინტენსიური კავშირი არ გვქონდეს. ჩვენ დიასპორასთან ყოველთვის გვაქვს მჭიდრო კონტაქტი.
- რა მდგომარეობაა ამ წუთებში მოვლენათა ეპიცენტრში?
- თქვენ იცით, რომ ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს მწვავე დისკუსია, მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით. ამის პარალელურად, მთავრობის სახლის გარშემო შეკრებილი არიან მომიტინგეები.
ძირითადად, მომიტინგეები გადანაწილებულები არიან მაიდანზე და უმაღლესი რადას მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველა სტატეგიულ ობიექტს იცავენ სამართალდამცავები. რაც შეეხება სხვა რაიონებს, იქ შედარებით სიწყნარეა.
- საქართველოს ოპოზიიის წარმომადგენლები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კიევში ჩაფრინდნენ. ისინი აცხადებენ, რომ დღეს საქართველოს ბედიც უკრაინაში წყდება. რამდენად დიდია იმის შანსი რომ უკრაინაში დაწყებული საპროტესტო მუხტი საქართველოსაც გადმოედოს?
- საქართველო რა შუაშია იმ პროცესებთან, რაც უკრაინაში ხდება? ჩვენთვის უკრაინა მეგობარი ქვეყანაა და მათთან ერთად განვიცდით იმას, რაც აქ ხდება. საქართველომ ევროპასთან დაახლოების კუთხით თავისი ნაბიჯი გადადგა - ხელი მოაწერა პარაფირების დოკუმენტს.
ჩვენ და მოლდოვა, ამ მიმართულებით დავეწიეთ უკრაინას. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას. ახლა უკრაინას აქვს ნაბიჯი გადასადგმელი. საგარეო ვექტორის განსაზღვრა ამ ქვეყნის მოქალაქეების სუვერენული უფლებაა.