"საქართველო ვერც იოცნებებდა ამ შედეგზე, რომ არა სააკაშვილი, ვაშაძე, ბოკერია..."

  16:48:38     28-11-2013

"სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, ვისი უშუალო დამსახურებაცაა დღევანდელი დღე, ვილნიუსში არ იქნებიან წარმოდგენილნ",- ამ განცხადების ავტორი ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, სალომე სამადაშვილია.

სამადაშვილი მოსახლეობას ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პარაფირებას სოციალური ქსელით ულოცავს.

მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე მიღწეული წარმატება, ვარდების რევოლუციის მთავარი მონაპოვარია.

„ვულოცავ დღევანდელ დღეს იმ ხალხს, ვისი დამსახურებაცაა ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პარაფირება: პირველ რიგში ასობით საჯარო მოხელეს სხვადასხვა წყებებში, რომლებმაც უზარმაზარი შრომა გასწიეს ამ მიზნის მისაღწევად. . ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ დღეს საქართველო ვერც იოცნებებდა ამ შედეგზე, რომ არა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, თორნიკე გორდაძე, თამარ კოვძირიძე, ვატო ლეჟავა და სხვა არაერთი სწორი პოლიტიკური ხედვის, პატრიოტული სულისკვეთების თუ უბრალოდ თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დელეგაციას ვილნიუსში. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე, ვარდების რევოლუციის მთავარი მონაპოვარია, რომელსაც საქართველოს დრევანდელი და კოველი მომდევნო ხელისუფლება სათანადოდ უნდა გაუფრთხილდეს.“- წერს სალომე სამადაშვილი