
ვილნიუსში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება დაიწყო
12:21:50     28-11-2013
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტმა სტარტი დღეს აიღო და ხვალ 29 ნოემბერს დასრულდება.
საქართველოს დელეგაციას სამიტზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.
რამოდენიმე წუთის წინ ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმი "ბიზნესი საზღვრებს გარეშე" გაიხსნა. ფორუმი ლიტვის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მონაწილეებს უკვე მიმართა ევროკომისარმა შტეფან ფულემ.
სიტყვით გამოვლას გეგმავს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მინისტრი ასოცირების, ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირების საკითხს, ეს პროცედურაც რამოდენიმე წუთის წინ დაიწყო. 1000 გვერდიან დოკუმენტის პარაფირებას (დამოწმებას) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზანკალიანი მოაწერს ხელს. "ამ ხელშეკრულებით საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება. მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ამ ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, რასაც ყველა ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოიადგილემ, დავით ზალკალიანმა.
ვილინიუსის სამიტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ პარაფირებულ დოკუმენტს სიმბოლურად ხელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც მოაწერს. სამიტზე ასევე იგეგმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების ოპერაციების მენეჯმენტში ქართული მხარის ჩართვის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა. ცნობილია, რომ სამიტს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი უხელმძღვანელებს, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან ერთად ევროკავშირს წარადგენს.
ღონისძიებას ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უმასპინძლებს. სომხეთიდან ვილნიუსში ჩადის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, აზერბაიჯანიდან- პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოდან- პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, უკრაინიდან -პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვიდან- პრემიერ–მინისტრი, ხოლო ბელარუსიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგნელი კეტრინ ეშტონი, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი.