რატომ არ ასაჯაროვებენ სადახლოში მომხდარი მკვლელობების დეტალებს?

  12:50:44     27-11-2013

სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი სისხლიანი კრიმინალური გარჩევის შესახებ შს სამინისტრო დამატებით კითხვებს არ პასუხობს. 

მედია ბოლო ორი დღეა ცდილობს უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელისგან მიიღოს პასუხი, ვინ არიან ის 6 პირი, რომლებმაც მერაბ კალანდაძეს, გიორგი ფირალიშვილსა და დილარ მუკბანიანს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა -  კალანდაძე და ფირალიშვილი დაიღუპნენ. 

სავარაუდოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიცია არ ახმაურებს ვაკეში მომხდარი დაჭრის დეტალებსაც, რასაც შედეგად სადახლოში მომხდარი მკვლელობები მოჰყვა. ოფიციალურად ცნობილი არ არის ვინ დაჭრა და ვინ დაჭრეს ვაკეში მომხდარი ჩხუბის დროს...

გიორგობიანმა გამოძიების მიმდინარეობის მოტივით არ ისურვა გაეცა პასუხი კითხვებზე, რომელიც არა მხოლოდ დაკავებულისა თუ გარდაცვლილების ახლობლებს, არამედ საზოგადოებას აინტერესებს, რადგან შეიარაღებული თავდასხმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის შიდა პერიმეტრზე - უამრავი ვიდეო-თვალის, მოწმისა და მესაზღვეების თვალწინ მოხდა.

„პრესა.ჯი“:  აცხადებთ, რომ გამოძიებს ინტერესებიდან გამომდინარე დაკავებულების ვინაობას ვერ ასახელებთ, იქნებ ის მაინც გვითხრათ - იყო თუ არა, ორმხრივი სროლა საზღვართან? 

ნინო გიორგობიანი:  გამოძიების დეტალებს ვერ გაგიმხელთ...

- აქვს თუ არა, სამართალდამცავებს დაკავებულთა აღიარებითი ჩვენება?

- ამ ეტაპზე ნამდვილად არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, თუ იქნება ოფიციალური განცხადება, აუცილებლად შეგატყობინებთ...

- ვერც ვაკეში მომხდარი დაჭრის დეტალებზე ისაუბრებთ?

- არ შემიძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება“... 

შსს-ს ინფორმაციით,  სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში "მაკაროვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირანიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები მომხდარიდან რამდენიმე წუთში - ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია "მაკაროვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა, არ გამოირიცხება სხვა იარაღების არსებობაც...

დაჭრილები კი, შემთხვევის ადგილიდან მარნეულში, "ჯეო–ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ორი მათგანი: მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირანიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.

გამოძიებას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს (სსსკ-ის 108-ე მუხლით). გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობები შურისძიებაა და ის რამდენიმე დღის წინ, ვაკეში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, სადაც ერთ-ერთი თავდამსხმელის ძმა დაიჭრა.

ცნობილია, რომ სისხლიანი დაპირისპირებისას მერაბ კალანდაძე, გიორგი ფირალიშვილსა დილარ მუკბანიანს სომხეთში აცილებდა. კალანდაძის ახლობლების თქმით, ის სრულიად უდანაშაულო იყო და მისი „ბრალეულობა“ მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა რომ მეგობრების შვილებს საზღვრამდე გაჰყვა.

ერთ-ერთი ვერსიით, ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილ გიორგი ფირალიშვილის მამაც. ის შვილის მკვლელობას შეესწრო, რა დროსაც მწვავე ინფარქტი მიიღო...  ექიმები ამ დრომდე ცდილობენ მის გადარჩენას.

მნიშვნელოვანი დეტალი: ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი სამი დაკავებულის საქმიდან „ამოგდებას“ ცდილობს. 

მათი თქმით, თუ პოლიცია უსწრაფესად არ გაავრცელებს მომხდარის ყველა დეტალსა და დაკავებულთა ვინაობას, ისინი იმ პირებს დაასახელებენ, რომლებიც ეჭვმიტანილებს ლობირებენ.

გარდაცვლილის ახლობლებს საეჭვოდ მიაჩნიათ ის გარემოებაც, რომ შსს-ს  არ გაუვრცელებია დაკავებულთა ინიციალებიც კი, რასაც როგორც წესი, ყოველთვის აკეთებდა. 

თუმცა, შსს-ში ირწმუნებიან, რომ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, მხოლოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინაძე არ ახმაურებენ. მათი თქმით, ჯერ დაკავებულთა ბრალეულობის სიმძიმე და ყველა ის დეტალი უნდა გაირკვეს, რომელიც ამ მკვლელობებს ახლდა თან. შემდეგ კი, გამოძიება მკვლელობების დეტალებსაც გაასაჯაროვებს.