ხობში პოლიციის თანამშრომელმა მუსიკოსი სცემა

  12:02:13     26-11-2013

მუსიკოსი როინ ქადარია ლანჩხუთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის პაპუნა ფაჩულიას დასჯას ითხოვს. ქადარიას განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მას ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ მის ფავორიტი სიმღერის შესრულება ვერ შეძლო.

შემთხვევა ხობში, 25 ნოემბერს გამთენიისას, 02:30-ზე მოხდა: „ვმუშაობდი ქორწილში მუსიკოსად, მოვიდა ჩემთან პაპუნა ფაჩულია და მთხოვა, რაღაც მუსიკა დაუკარიო, რომელიც არ ვიცოდი და ამის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ცოტა ხანში, როცა გარეთ გავედი, კედელზე მიმაყენა და სასტიკად მცემა“, - განაცხადა, როინ ქადარიამ, რომელიც საკუთარ სახლში გადის მკურნალობას. მას სახის არეში დაჟეჟილობები აღენიშნება.

„რატომ უნდა მეშინოდეს პოლიციის? მოვითხოვ იმ დამნაშავის დასჯას“ - დასძინა დაზარალებულმა. ნაცემი მუსიკოსის ინტერვიუ „ლაივპრესმა“ გაავრცელა. როგორც აღნიშნულ საკითხზე „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ხობის პოლიციამ უკვე დაიწყო. გამოძიება 118-ე მუხლით (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.