მარინა ცვეტაევა – სუფრა გავშალე ექვსისთვის
05:05:50     25-11-2013
კვლავ ვიმეორებ ლექსს უპირველესს,
სიტყვას ხელახლა ვაჯვარედინებ:
“სუფრა გავშალე მხოლოდ ექვსისთვის…”
შენ დაივიწყე ერთი – მეშვიდე.
ვერ ილხენთ ექვსნი, თითქოს უბრად ხართ,
თქვენ სახეებზე – წვიმათა ღვარი,
როგორ შეგეძლო, ასეთ სუფრასთან
დაგვიწყებოდა მეშვიდე – ქალი.
ვერ მოილხინეს შენმა სტუმრებმა,
უმოქმედოა სასმისი ბროლის,
ყველა მოგიცვათ სევდამ ულევმა
ყველაზე უფრო – სტუმარი შორი.
არც სინათლეა და არც განცხრომა,
ყველა რატომღაც არ სვამთ და არ ჭამთ,
როგორ შეგეძლო რიცხვის არცოდნა?!
სად შეგეშალა დღეების დათვლა?
ან არ გაიგო, ვით შეგიძლია,
რომ ექვსნი – ცოლი, ორი ძმა, შენ და
მშობლები – მაინც უკვე შვიდია,
რადგან ჯერ კიდევ ვარსებობ ქვეყნად.
სუფრა გაშალე ექვსისთვის ისევ,
ექვსით სამყარო არ გადაშენდა,
ვარ საფრთხობელა ცოცხლებში ვიდრე,
მე მოჩვენებად მოვედი შენთან,
თქვენთან (ჩემებთან), ძალიან მხდალი,
ვითარცა ქურდი არავის ვერჩი,
ვჯდები მოსურნე ჩანგლის და დანის,
რომლებიც არვინ დააწყო ჩემთვის.
აჰა, დამექცა ჭიქა და ვიცი,
ყოველი, რასაც გადმოღვრა სურდა –
თვალის მარილი, ჭრილობის სისხლი
სულ იატაკზე ისროლა სუფრამ.
და… გაქრა კუბო და განშორება,
ჯადო მოიხსნა, სახლი გაცოცხლდა,
როგორც სიკვდილი ლხინის მორევთან,
ეს მე, – სიცოცხლე – თქვენთან ვახშმობდა.
არავინ – არც ძმა, ქმარი თუ შვილი.
არც მეგობარი, თუმც მოიმედე,
სუფრა გაშალე ექვსი სულისთვის,
ჩემთვის კუთხეც არ გამოიმეტე.
6.III.1941