რატომ შეიცვალა გაერთიანებული შტაბის უფროსი?

  12:02:49     22-11-2013

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძე უკვე მეორედ დაინიშნა. ის, სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც მუშაობდა ამ თანამდებობაზე. 

კაპანაძემ გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე ირაკლი ძნელაძე შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე ორმხრივი შეთანხმების შედეგად (პრეზიდენტი სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ალასანია) მუშაობდა. 

ძნელაძე გაერთიანებული შტაბის უფროსი მას შემდეგ გახდა, რაც ალასანიამ, თავისი სამარცხვინო გადაწყვეტილებითა და პირადი მოსაზრებებით, თავისივე კაბინეტის "ტუალეტში" დააჭერინა 2008 წლის ომის გმირი, გენერალი გიორგი კალანდაძე, რომელიც მოგვიანებით, სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. თავდაცვის მინისტრს კი, ამ სამარცხვინო საქციელის გამო ბოდიშიც არ მოუხდია. 

(კალანდაძეს ბრალი იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა "ტუალეტშივე" წაუყენა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არ ჰქონდა, რაც პროკურატურის შესახებ კანონით, იუსტიციის მინისტრისთვის სავალდებულო იყო).

რაც შეეხება ვახტანგ კაპანაძეს, ის ბრიგადის გენერალია და არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსად ირაკლი ღარიბაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, რითაც კიდევ უფრო დასუსტდა ისედაც "ლაფათქაზე" მჯდარი მინისტრი ალასანია. ახალ უფროსს არმიაში პროფესიონალად ახასიათებენ. კაპანაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მისი დაარსების დღიდან მუშაობს. 

ვახტანგ კაპანაძის დანიშვნის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უკვე მოაწერა ხელი მარგველაშვილმა.