სამეგრელოს გუბერნატორად ედიშერ თოლორაია ინიშნება

  16:39:56     21-11-2013

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორად ზიგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დიშერ თოლორაია ინიშნება.

წყაროს ცნობით, თოლორაიამ თანამდებობაზე დანიშვნის გარანტიები პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს თოლორაიას ოჯახთან.

„პრესა.ჯი“ ინფორმაციის გასარკვევად ედიშერ თოლორაიას დაუკავშირდა.

- ჩვენი ინფორმაციით, გუბერნატორის ვაკანტურ ადგილას ინიშნებით...

- საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, ვინ გითხრათ?

- ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს, მიიღეთ შემოთავაზება?

- ჯერჯერობით არავითარი შემოთავაზება არ მიმიღია. თუ იქნება შემოთავაზება ვიფიქრებ ამაზე.

- ზუგდიდში აქტიურად საუბრობენ, რომ თქვენსა და ივანიშვილის ოჯახს შორის ნათესაური კავშირი არსებობს...

- არა, არანაირად, ეს არ არის სიმართლე...

ცნობისთვის, სამეგრელოდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მხოლოდ ედიშერ თოლორაია იყო მიწვეული.

ედიშერ თოლორაია 1978 წლის 22 აგვისტოს ზუგდიდში დაიბადა. ჰყავს  მეუღლე და ორი შვილი.

დაამთარა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი -სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2002 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის 2 დეკემბრამდე ზუგდიდის ქალაქის გამგებლის მრჩევლად მუშაობდა. 2002-2003 წლებში ზუგდიდის გამგეობაში მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი იყო. 2003-2004 წლებში მუშაობდა გამგეობის დარგობრივი ეკონომიკის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ედიშერ თოლორაია ზუგდიდის ქალაქის გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე 2006 წლის 4 ივლისიდან ამავე წლის 7 ნოემბრამდე მუშაობდა.

2007 წლის 19 თებერვლიდან ამავე წლის 5 ივლისამდე საპენსიო სუბსიდიების სააგენტოს ზუგდიდის რაიონის განყოფილების უფროსია.

ედიშერ თოლორაია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე 2011-2012 წლებში მუშაობდა. შემდეგ გადავიდა „ქართულ ოცნებაში“ და დაინიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ.

თოლორაია ამ დრომდე ასრულებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას, აღნიშნულ თანამდებობაზე ის  2012 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა.