
ღარიბაშვილი: "ლექსო იყო 26 მაისის აქციაზე, მას დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია"
17:08:00     19-11-2013
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, შს მინისტრობის კანდიდატი 26 მაისის მოვლენებში იღებდა მონაწილეობას.
დეპუტატმა დავით საყვარელიძემ პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა - იღებდა თუ არა, ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც მისი თქმით კარგი პოლიციელია, 26 მაისის მოვლენებში მონაწილეობას.
ღარიბაშვილმა ამ ინფორმაციის ავტორებს კითხვის სწორად დასმისკენ მოუწოდა და განაცხადა: "ლექსო წლებია მუშაობს პოლიციაში. ის იმ დღესაც მუშაობდა და 26 მაისს რუსთაველზეც იმყოფებოდა, მაგრამ დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია".
"ლექსო იყო 26 მაისის აქციაზე, თუმცა, მას დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, იმ დღეს ის თავის მოვალეობას ასრულებდა. ასევე მუშაობდა 27-შიც, 28-შიც და დღესაც აგრძელებს უფრო მაღალი თანამდებობიდან მუშაობას.
ასე რომ, მე თქვენი კითხვის არსი ვერ გავიგე. თქვენ თუ ამბობთ იმას, რომ ლექსო დარბევაში მონაწილეობდა, ეს ბრალდებაა, მაგრამ თუ მეკითხებით, იყო თუ არა, რუსთაველის გამზირზე 26 მაისს, გპასუხობთ, კი, იყო, მაგრამ დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.