
გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას დაპირდა
15:16:43     17-11-2013
საქართველოს ახალადარჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთთან დიალოგი გააღრმავოს.
,,მიუხედავად დღეს არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას გავაღრმავოთ რუსეთთან დიალოგი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით და ურთიერთნდობის საფუძველზე გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ და პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობის წინაშე მსგავსი დაპირებებით რამდენჯერმე გამოვიდა, თუმცა, ამ დაპირებების ერთადერთი „შედეგი“, ჯერჯერობით, მხოლოდ დვანის და დიცის ინციდენტები გახდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა თვითნებურად გადმოწიეს ადმინისტრაციული „საზღვარი“ და ქართული სოფლები დაიკავეს.