
მერაბიშვილი: სხდომის ასე ხშირად ჩანიშვნა, ჩემი და გულშემატკივრების წვალებას ისახავს მიზნად
17:49:07     15-11-2013
ივანიშვილის პირადი პატიმარი, ვანო მერაბიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"მიუხედავად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსადმი ჩემი არაერთი თხოვნისა, არ გაემართათ სასამართლო პროცესები ყოველდღიურად, სასამართლო აგრძელებს სხდომების თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას.
იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურას არ ჰყავს არც ერთი მოწმე და არ აქვს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს, სხდომის ასე ხშირად ჩანიშვნა ჩემი, ჩემი ადვოკატების და გულშემატკივრების წვალებას ისახავს მიზნად.
ქუთაისის სასამართლოს სურს გაამართლოს პროკურატურის 3969 მოწმის არსებობა და ქმნის იმის იმიჯს, რომ სასამართლო მაქსიმალურად ცდილობს ყველა მოწმის დაკითხვას მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების არცერთი მოწმე არ იძლევა ჩვენს საწინააღმდეგო ჩვენებას, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებს.
ყველა მალე მიხვდება, რომ თვით გურულის სასამართლოც კი პროკურატურის მოწმეების 10%-საც ვერ დაკითხავს. მე ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობარს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ჩემს ადვოკატებს, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე დევნის მსხვერპლნი გახდნენ. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მაინც მომეცემა საშუალება და შევძლებ დავესწრო ქუთაისში მიმდინარე რამდენიმე სასამართლო პროცესს".