შს მინისტრის მოადგილის შეურაცხმყოფელი მიმართვა და უმცირესობის პასუხი

  16:22:45     15-11-2013

უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას მუქარას აფასებს და აცხადებს, რომ ტონი, რომლითაც შს მაღალჩინოსანი ოპოზიციის მისამართით საუბრობს, მიუღებელია. 

აკაკი ბობოხიძე: მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო, იზორიას მიერ წარმოთქმულ კონკრეტულ სიტყვაზე, უბრალოდ, აქ საუბარია ტონზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ჰქონდა საპარლამენტო უმცირესობის მისამართით. მას და ნებისმიერ მინისტრს ვეუბნები, შეურაცხყოფაზე მიიღებენ შეურაცხყოფას. რა აზრი აქვს საკითხების განხილვაში მონაწილეობას ადამიანებთან, რომლებიც მოსულები არიან შეურაცხყოფის მოსაყენებლად. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ საკანონმდებლო ინიციტივამ გამოიწვია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებას ეხება. აღნიშნულ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან დებატები სიტყვიერ შეურაცხყოფაში და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა. იზორიამ უმცირესობის დეპუტატს „ნაბიჭვარი“ უწოდა, რისთვისაც მალევე ბოდიშის მოხდა მოუწია.

"ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ! უყურე ამას! მაგ სიტყვებს არ ვაპატიებ, ნაბიჭვარი ეს!"- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას იზორიამ.  უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.