
სააკაშვილის პასუხი ვლადიმერ პუტინს
10:45:31     15-11-2013
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ფეისბუქით გამოეხმაურა.
სააკაშვილმა
ბიზნესის კეთების თვლასაზრისით, საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა.
"რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ რუსეთმა
წაიწია მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" რეიტინგებში და 92-ე ადგილზე
გადავიდა. იგი ასევე, რუსებსა და მსოფლიოს დაპირდა, რომ 2018 წლისთვის ამ
რეიტინგებში მისი ქვეყანა მე-20 ადგილზე გადაინაცვლებს, თუმცა ექსპერტების
უმეტესობას ეს გეგმა სასაცილოდ არ ყოფნის. ყოველივე ამას იმიტომ ვყვები,
რომ 2004 წლიდან 2013 წლამდე საქართველომ იგივე რეიტინგებში კორუფციის
დამარცხების, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების, ე.ი. მოქალაქეთა
ცხოვრების გაადვილების გზით 127-ე ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა გავხდით. ბევრ საკითხში, რომელიც კორუფციის რისკის შემცირებასთან დაკავშირებულ თემებს შეეხება, საქართველო პირველ ადგილზეა და მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. ჩვენ გავხდით ისტორიაში პირველი განვითარებადი და ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა, რომელიც მოხვდა ამ რეიტინგების პირველ ათეულში, სადაც აქამდე მხოლოდ განვითარებული და მდიდარი ქვეყნები ინაწილებენ ადგილებს. ახლა ვიღაც იტყვის, რომ მე ვტრაბახობ, მაგრამ ის, რითიც მე ვამაყობ, ყველა სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ჩვენი სიტუაციის კრიტიკულ შესწავლას ეფუძნება. მათ, ვისაც შეიძლება აღიზიანებდეს, რომ ამით "ვტრაბახობ", მინდა, ვუთხრა: "იტრაბახეთ", უფრო სწორად, იამაყეთ თქვენც! ეს სააკაშვილის თემა კი არა, საქართველოს და ე.ი. ყოველი ქართველის მიღწევაა, შესაბამისად, იმის შანსიც, რომ ხვალ და ზეგ უკეთესად ვიცხოვროთ. იმ ძველ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც მაჩანჩალა რუსეთს მისტირიან თავიანთი მოსკოვის 37-მანეთიანი ბილეთებით, მარტო იმიტომ, რომ კორუმპირებულ სისტემაში უკეთესად გრძნობენ თავს, არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველო უკან დააბრუნონ. ჩვენი გადარჩენა და გაძლიერება მხოლოდ უკვე მიღწეულის შენარჩუნებასა და განვითარებაშია. ჩვენი გზა მიდის არა წარსულისა და გადაჩეხვისკენ, არამედ მომავლისა და კეთილდღეობისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.