სასამართლოსთან შეკრებილი ათასობით ზუგდიდელი გულორდავას გათავისუფლებას ითხოვს

  14:43:04     14-11-2013

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი კონსტანტინე გულორდავას საქმეზე ვნებათაღელვა არ ცხრება. დაკავებული გულორდავას სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სასამართლოსთან კი დაკავებულის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და მოსამართლეს მოუწოდებენ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.

სასამართლოზე ამ დრომდე არ გამოჩენილა დაკავებული მეუღლე ანა ძაპტაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ორსული ანა ძაპტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. პაციენტი ზუგდიდის საავადმყოფოდან გამოკვლევის შემდეგ შინ გაწერეს. ანა ძაპტაშვილის ახლობლის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თავს შეუძლოდ გრძნობს.

ძაპტაშვილის დედის, რუსუდან ლომაიას განცხადებით, მისი შვილი გაუპატიურების მცდელობის შემდეგ ცუდად არაერთხელ გახდა: „ჩემი შვილი ორი თვის ორსულია. გოგა ანჩაბაძე არის ფორმაში გადაცმული დამნაშავე. გაიგეთ ხალხნო ეს არ არის პოლიციელის წინააღმდეგ ხელის აღმართვა. მან შეურაცხყო მირონი“, - აცხადებს ქალბატონი.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კახაბერ გულორდავას სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გულორდავას საქმის განხილვას და მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, ბრალდებულის ახლობლები და მეგობრები ესწრებიან. გულორდავას უფლებებს სასამართლო პროცესზე ადვოკატი ჯიტა გულუა იცავს. პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი კლიენტი დარბაზიდანვე უნდა გათავისუფლდეს.

მიმდინარე კვირის სამშაბათ დილით ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე მრავლობითი ჭრილობებით, ყურმოჭრილი და ფეხებდამტვრეული ზუგდიდში პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. კონსტანტინე გულორდავას ბრალი ედება 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, გოგა ანჩაბაძეს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების მცდელობის მუხლით. წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი ითვალისწინებს.