პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილის ადვოკატი ზუგდიდში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალებზე საუბრობს

  14:07:24     13-11-2013

პოლიციელ გოგა ანჩაბაძის დაჭრისთვის დაკავებულ კონსტანტინე გულორდავას ადვოკატი ჯიტა გულუა აცხადებს, რომ მისი კლიენტის დაკავების საფუძველი არ არსებობდა. როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას გულუამ განაცხადა, გულორდავას დაკავების მოტივი იყო ის, რომ დაშავებული პოლიციელია.

„მაინც პოლიციელია“- ეს იყო ჩემი კლიენტის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი, სამართლებრივად კი კონსტანტინე გულორდავას დაკავების საფუძველი არ არსებიბდა, ადამიანი საკუთარი ფეხით გამოცხადდა პოლიციაში და დაკითხვაზეც ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ის არსად დამალვას არ აპირებდა“,- აცხადებს ჯიტა გულუა.

„პრესა.ჯი“:  შეუფარდეს თუ არა თქვენ კლიენტს წინასწარი პატიმრობა?

-ამ ეტაპზე განხორციელდა მხოლოდ დაკავება, გუშინვე დაიკითხა მოწმის სახით, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებიდან 48 საათში უნდა წარუდგინონ ბრალი შემდეგ გადაწყდება მისი დაპატიმრება – არდაპატიმრების საკითხი.

- რას აცხადებს გულორდავა თქვენთან საუბრისას მომხდართან დაკავშირებით?

- კონსტანტინე გულორდავას მეუღლე,  ანა ძაპტაშვილი იმყოფებოდა მშობლების სახლში, როცა მის წამოსაყვანად მივიდა ჩემი კლიენტი. ქალბატონმა მეუღლეს უამბო როგორ ცდილობდა გოგა ანჩაბაძე მის გაუპატიურებას. გასათვალისწინებელია რომ ქალბატონი ანა ორსულობის მეორე თვეში იმყოფება. თქვენ წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა კონსტანტინეს, ქალი რომელიც მას უყვარს, მის საუკეთესო მეგობარს, მეჯვარეს ადანაშაულებს შეურაცხყოფაში. მინდა გითხრათ, რომ ჩემ კლიენტსა და პოლიციის თანამშრომელ ანჩაბაძეს მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებთ, ისინი ბავშვობის მეგობრები არიან. როგორც კონტანტინე გულორდავა აცხადებს, მოსმენილმა შოკში ჩააგდო. ამის შემდეგ კონსტანტინე გულორდავა დაუკავშირდა დაჭრილის მეგობარს და ითხოვა გოგა ანჩაბაძესთან შეხვედრა,  შეხვედრაზე მისულმა ანჩაბაძემ, ისე რომ გულორდავას არაფერი უკითხავს, უთხრა ჩემ კლიენტს: „მოსაკლავი ვარ და მომკალიო“. შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე ყველამ კარგად იცით.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ განაჩენს ელოდებით?

- ამ ეტაპზე მოსალოდნელ განაჩენზე საუბარი ნაადრევია. ჯერ უნდა დამტკიცდეს ჩემი კლიენტის ბრალეულობის საკითხი. უცნობია გაითვალისწინებენ თუ არა მისი აფექტის მდგომარეობას. მთავარი აქ ის არის რომ კონსტანტინე გულორდავას დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

- როგორც ცნონილია, გულორდავას დაკავების ფაქტი ზუგდიოდის პროკურატურასთან აქციით გააპროტესტეს, რამდენად სცდება ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოს?

- ეს არ არის მხოლოდ ორი ადამიანის შორის მომხდარი კონფლიქტი. ის რაც მოხდა ზუგდიდში არის საზოგადოების უბედურება. წუხელ კონსტანტინეს დაკავება გადაწყვიტეს მხოლოდ იმიტომ რომ დაზარალებული მაინც პოლიციელიაო. უნდა ეფიქრათ ისიც, თუ რა ჩაიდინა იმ პოლიციელმა. ზუსტად ამ ფაქტის უგულველყოფამ გამოიწვია ის საპროტესტო აქცია, რაც გაიმართა პროკურატურასთან გუშინ, როგორც ვიცი დღესაც იგემება მსგავსი სახით პროტესტის გამოხატვა. დაკავების საფუძველი არ არსებობდა, ადამიანი საკუთარი ფეხით მოვიდა შენთან, მოგცა ჩვენება, რატომ აკავებ?