დამნაშავე თუ მსხვერპლი? - რას ყვებიან პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილის ახლობლები...

  18:34:33     12-11-2013

კახა გულორდავა, რომელიც პოლიციელის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, ზუგდიდის სამმართველოში ამ წუთებშიც იკითხება. როგორც „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ეზოში მომხდარ ინცინდენტზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, გულორდავა საგამოძიებო უწყებაში დღის პირველ ნახევარში საკუთარი ნებით გამოცხადდა. ეჭვმიტანილის ინტერესებს ჯიტა გულუა იცავს.ადვოკატი მედიასთან მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მომხდარი პირად ცხოვრებას ეხება.

ამასთან, მომხდარის ირგვლივ „პრესა.ჯი“-მ დამატებითი ინფორმაციის მოგროვება შეძლო. კახა გულორდავას დაჭრილ პოლიციის თანამშრომელ ანჩაბაძესთან მეგობრობა აკავშირებდა. კახა გულორდავამ ცოლი ორ ორი თვის წინ შეირთო, ანჩაბაძე კი გულორდავას მეჯვარე იყო. მეგობრებს შორის დაპირიპირება გულორდავას ცოლის გამო მოხდა. როგორც ეჭვმიტანილის მეზობლებმა“პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, დაჭრილმა პოლიციელმა ორი დღის წინ საღამოს საათებში ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ეზოში გულორდავას ცლი მოტყუებით შეიყვანა და მისი გაუპატიურება სცადა. ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური შენობაში მცხოვრები დევნილი ხათუნა ხარჩილავა იხსენებს, რომ 10 ნოემბერს მას ქალის განწირული ხმა შემოესმა. „შემომესმა ქალის საშინელი ყვრილი. გარეთ რომ გავედით, ვიღაც გოგო კიოდა, მაუპატიურებსო. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს პოლიციელი მისი მეჯვარე ყოფილა - აცხადებს ხათუნა ხარჩილავა. „პრესა.ჯი“ იმ სამარშუტო ტაქსის მძღოლებსაც გაესაუბრა, სადაც კახა გულორდავა მუშაობს, ის სამარშუტო ტაქსის მძღოლია. მძღოლების მონაყოლიდან ირკვევა, რომ პოლიციელი თვითონ მივიდა გულორდავასთან და მოუყვა მისი საქციელი, რასაც გულორდავას მხრიდან პოლიციელის დაჭრა მოჰყვა. კოლექტივი გულორდავას დადებითად ახასიათებს. გამოკითხული მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქმარმა ცოლის ღირსება დაიცვა.

„კახა ერთი მშრომელი, პატიოსანი ბიჭია, თავისი შრომით შოულობს ორ თეთრს, ორი თვის წინ ცოლი მოიყვანა, მისი მეჯვარე სწორედ დაჭრილი პოლიციელია“,- აცხადებენ სამარშუტო ტაქსის მძღოლები. ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ეზოში ყურმოჭრილი პოლიციელი დღეს დაახლოებით 12:00 საათზე იპოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, დაშავებული შველას ითხოვდა და მას მრავლობითი ჭრილობები და მოტეხილობები აღენიშნებოდა. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ პოლიციელის ბრალეულობა გამოიკვეთება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება. რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, ის ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსთა განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.