ქალი, რომელიც ალენ დელონმა, მარჩელო მასტროიანიმ და ჟან პოლ ბელმონდომ ვერ მოინადირეს

  11:22:14     12-11-2013

ის იტალიის სექსსიმბოლო იყო, ერთგვარი იტალიური პასუხი ბრიჯიტ ბარდოსათვის. მისი გამოჩენა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ცხოვრებაშიც და ეკრანზეც. მისი ცხოვრება კი მხოლოდ კინოსა და სხვადასხვა მითებისგან შედგება. რეალურად ის მხოლოდ ეკრანზე იყო ფუფუნებისა და განცხრომის მოყვარული, მის მიღმა კი მიზანმიმართული და მიუწვდომელი ქალის როლი ჰქონდა.

1938 წლის აპრილში ტუნისში, იტალიელი მშენებლის ოჯახში, დაიბადა კლაუდია ჟოზეფინა კარდინალე. სახლში მას ყველა კლოდს ეძახდა. ეს ცოცხალი, ჯიუტი, მებრძოლი და ბიჭური გოგოსთვის იდეალური სახელი იყო. სკოლაში ბიჭები მას და მის დას, ბლანშს, იტალიელებს ეძახდნენ. ხშირად ფაშისტებადაც მოიხსენიებდნენ, რადგან იმ დროის იტალიას მუსოლინი მართავდა. კლოდი ასეთ დამოკიდებულებას ვერ იტანდა და ხშირად ტუნისელ ბიჭებს ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

მშობლები გოგონას ასეთ საქციელს არ უწონებდნენ. ისინი თავიანთ ოთხ შვილს მკაცრად ზრდიდნენ. კარდინალების ოჯახი ორენოვანი იყო. მამა სიცილიური დიალექტის იტალიურით ლაპარაკობდა, ხოლო დედა – ფრანგულად. ბავშვებს კი კარგახანს ეგონათ, რომ მათი მშობლიური ენა არაბული იყო.

კლოდი მასწავლებლობაზე ოცნებობდა, მისი და კი – მსახიობობაზე. რატომღაც სილამაზით კლოდს უფრო გამოარჩევდნენ და ოჯახის ახლობლები ხშირად პატარა მსახიობსაც ეძახდნენ. თავისი სილამაზის წყალობით, ის ტუნისის შესახებ გადაღებულ ტურისტულ ფილმ "ოქროს ჯაჭვში" მოხვდა.

1957 წელს ტუნისში იტალიის საელჩომ ჩაატარა სილამაზის კონკურსი – "ყველაზე ლამაზი იტალიელი ტუნისში", სადაც ორივე დამ მიიღო მონაწილეობა. ნაციონალურ ფორმაში ჩაცმულები ამ კონკურსზე ბილეთებს ყიდდნენ. რაღაც მომენტში კლაუდიას სცენაზე გასვლა მოუწია. ამ დროს დარბაზიდან გაისმა ხმები: "აი, ყველაზე ლამაზი იტალიელი". მაყურებლის ემოციები იმდენად ძლიერი იყო, რომ ჟიურიმ გოგონას კონკურსგარეშე მიანიჭა გამარჯვება. მთავარი პრიზი კი ვენეციის კინოფესტივალზე გამგზავრება იყო.

კარდინალემ ვენეციაში ბევრი მოხიბლა თავისი სილამაზით. რატომღაც ის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნიეს იმის მიუხედავად, რომ მას არც ფილმში ჰქონდა ნათამაშევი და არც მსახიობობაზე ოცნებობდა. როლებს კი სთავაზობდნენ, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა და კვლავ ტუნისში დაბრუნდა.

ამ მოგზაურობამ ის მაინც ბევრ რამეზე დააფიქრა. ოჯახიც მიხვდა, რომ კინო მათ სხვა პერსპექტივებს უსახავდა, ამიტომ ნახევარი წლის შემდეგ კლაუდიამ რომის ექსპერიმენტულ კინოსკოლაში ჩააბარა და მალე ამ ქალაქში მთელი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად.

თავიდან რომში ცხოვრება მომავალ ვარსკვლავს ძალიან გაუჭირდა. 17 წლის კლოდს იტალიურად ლაპარაკიც უჭირდა. იმდენად ცუდად ლაპარაკობდა, რომ თავიდან რამდენიმე როლის დუბლირებაც გახდა საჭირო. გოგონა ველურ და ძალიან ჯიუტ ხასიათს ამჟღავნებდა. თავდაპირველად მის მაგივრად გადაწყვეტილებებს მამა იღებდა. სწორედ მან მოაწერა ხელი იტალიის წამყვან კინოკომპანია "ვიდეს ფილმთან" კონტრაქტს, რომელთანაც კლაუდიამ შვიდი წელი იმუშავა.

სტუდიის მმართველი ფრანკო კრისტალდი ძალიან მდიდარი ახალგაზრდა არშემდგარი მსახიობი იყო. მან კლაუდიასთან კაბალური კონტრაქტი გააფორმა. ქალს ეკრძალებოდა ვარცხნილობის შეცვლა, გახდომა და წონაში მომატება, გათხოვება... რომ შეძლებოდა, ალბათ ლაპარაკსა და ფიქრსაც აუკრძალავდა.

ამ ისტორიაში თავიდანვე იყო პრობლემა, რომლის შესახებაც კლაუდიას გარდა არავინ არაფერი იცოდა – გოგონა ფეხმძიმედ იყო. როგორც შემდეგ გაირკვა, კლაუდია გააუპატიურეს და ამის შედეგად დაფეხმძიმდა. მეგობრებისა და ჟურნალისტების ვერსიით კი, კლაუდიამ ბავშვი გააჩინა მამაკაცისგან, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ხვდებოდა.

კიდევ ერთი ვერსიაც არსებობდა – სრულიად უცნობი მამაკაცი, რომელიც კლაუდიას კინოსკოლის დამთავრების შემდეგ ხშირად ხვდებოდა. ერთხელაც მან მეგობრის წვეულებაზე წაყვანა შესთავაზა და კლაუდიამ თავი ქალაქგარეთ უცხო სახლში ამოყო, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი გახდა.

როგორც უნდა ყოფილიყო, კლაუდიამ აბორტი არ გაიკეთა, მით უმეტეს, მაშინ იტალიაში ეს სასტიკად იყო აკრძალული. შვიდი თვე ქალი გადასაღებ მოედანზე მუცელს საგულდაგულოდ მალავდა. ბოლოს კი ეს საიდუმლო ოჯახს კი არა, პროდიუსერს გაანდო. პროდიუსერმა თავდაპირველად კონტრაქტის გაწყვეტაზე დაიწყო ფიქრი, მოგვიანებით კი გოგონას შესთავაზა, რომიდან წასულიყო, ემშობიარა და ბავშვი საკუთარ ძმად ან დად გაესაღებინა. კლაუდიაც დათანხმდა, მაგრამ მოგვიანებით ამას ყოველთვის ნანობდა.

ბუნებრივია, ძნელი წარმოსადგენია, რომ ოდესმე ბედნიერი ყოფილიყო ქალი, რომელმაც პირველი სექსუალური გამოცდილება ძალადობით მიიღო და მთლიანად იყო დამოკიდებული თავის პროდიუსერზე. ფრანკო კრისტალდი ცოლიანი იყო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა იმაში, რომ მსახიობთან რომანი ჰქონოდა.

კლაუდიას დღეს ძალიან უჭირს ამ რომანის შეფასება – ეს ორმხრივი სიყვარული იყო თუ პატრონის მიმართ მორჩილება, მაგრამ ფაქტია, როდესაც ის დედა გახდა, ოჯახმა ზურგი აქცია, კრისტალდი კი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მას გვერდში დაუდგა.

1958 წელს კლაუდიამ ითამაშა მარიო მონიჩელის კომედიაში "ბოროტმოქმედები, როგორც ყოველთვის, უცნობები დარჩნენ". ფილმის პრემიერაზე იტალიელებმა პირველად თქვეს ხმამაღლა: "ეს არის ჩვენი პასუხი ბრიჯიტ ბარდოზე!". ამას მოჰყვა ფილმები "პირველი ღამე", "სამი უცხოელი რომში".

კლაუდიას დილის ხუთ საათზე უწევდა ადგომა, რომ როლზე ემუშავა. "ძალიან ხშირად მინანია, რომ კარგი სამსახიობო განათლება არ მივიღე, რადგან ყოველთვის მაკლდა ის პროფესიული უნარ–ჩვევები, რაც მუშაობაში დამეხმარებოდა. თანაც გაცილებით ცოტა დრო დამჭირდებოდა როლზე მუშაობისათვის. მთელი კარიერის განმავლობაში ერთი უცნაური ჩვევა მქონდა – არასოდეს ამირჩევია როლები, მე ვირჩევდი რეჟისორებს. ისეთ რეჟისორებს, რომლებიც ჩემთვის კარგი პედაგოგები იქნებოდნენ", – აცხადებს კლაუდია.

1960 წელს ლუკინო ვისკონტიმ გოგონა პატარა როლზე მიიწვია ფსიქოლოგიურ–სოციალურ ფილმში "როკო და მისი ძმები". ნახევარი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად ფილმ "ლეოპარდის" გადაღებებზე. მისი შემხედვარე ლუკინო ვისკონტი ამბობდა: "ეს გრაციოზული კატა თავის როლებში დიდ ბრჭყალებს აჩენს. ისე ხდება ხოლმე, რომ მე როლზე ამყავს კატა, რომელიც ბოლოს ვეფხვი ხდება".

ვისკონტი ერთხელ ალენ დელონსაც კი დაენიძლავა, რომ ის ამ ლამაზმანის მოხიბვლას ვერ შეძლებდა. დელონმაც მიიღო გამოწვევა, მაშინ ხომ მის კოცნაზე მილიონობით ქალი ოცნებობდა. ვისკონტი ძალიან აზარტულად ადევნებდა თვალს იმ სცენებს, სადაც ალენ დელონსა და კლაუდიას კოცნა უწევდათ. დაკვირვებების შემდეგ კი მიხვდა, რომ მათ შორის არაფერი ხდებოდა. რომანი არ შედგა. კარდინალე მამაკაცებს ახლოსაც არ უშვებდა.

პოპულარობასთან ერთად კლაუდიამ საკუთარი პრინციპებით დაიწყო თამაში. მოულოდნელად განაცხადა, რომ ის საკუთარი თავით აღარ ვაჭრობს და უარი თქვა ეკრანზე გახდაზე. "ყოველთვის დავთანხმდები საინტერესო როლებს, სექსუალურ სცენებს, მაგრამ ჩემი ყურებისას აუცილებელია მამაკაცების ფანტაზიის ჩართვა. მამაკაცები თვლიან, რომ ქალები სუსტები არიან, მაგრამ მე ყოველთვის ვამტკიცებ, რომ ყველაფერი პირიქითაა. მუდამ ვამბობ, თუ მამაკაცი შენს მოხიბვლას ცდილობს და შენ მაშინვე აჰყვები, ის მალე მიგატოვებს. ვერ ვიტან ფლირტს და მოკლევადიან ურთიერთობებს", – განაცხადა მსახიობმა.

ეს იყო კლაუდიას პასუხი ალენ დელონის მცდელობაზე, ამიტომაც წყვილი მეგობრობაზე გადავიდა. ალენისათვის ის ერთადერთი ქალი იყო, რომლის ლოგინშიც ვერ აღმოჩნდა. მოგვიანებით კლაუდიამ უარი უთხრა მარჩელო მასტროიანისაც, რომელსაც კლოუნს ეძახდა. გაბრაზებულმა მარჩელომ კი გველი შეარქვა.

კლაუდიასთან ერთად მარჩელომ ითამაშა ფილმში "ლამაზი ანტონიო". მასტროიანი იმ დროს უკვე უდიდესი ვარსკვლავი იყო, ამიტომ არ ესმოდა, რატომ უარყოფდა მას კლაუდია. რამდენიმე წლის შემდეგ მარჩელომ ერთ–ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის კარდინალეზე ყოველთვის იყო შეყვარებული.



კლაუდიას სიყვარულის მოსაპოვებლად გაჩაღებულ ბრძოლაში ბელმონდოც იმედგაცრუებული დარჩა. პირველად ისინი მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ბელმონდო დამწყები მსახიობი იყო. როდესაც 70–იან წლებში ისევ შეხვდნენ, ბელმონდომ კლაუდიასგან ისევ ორაზროვანი უარი მიიღო. ამის გამო გადასაღებ მოედანზე ჟან პოლი თვრებოდა, ამტვრევდა ავეჯს და, როცა ეკითხებოდნენ, რა გჭირსო, პასუხობდა, კარდინალეს ჰკითხეთო.

ერთადერთი არშემდგარი რომანი, რომელიც კარდინალემ მოგვიანებით ინანა, მარლონ ბრანდოსთან იყო. ჯერ კიდევ სულ პატარა გოგონამ, როდესაც ბრანდო პირველად დაინახა ეკრანზე, მასთან შეხვედრაზე დაიწყო ოცნება. ბედმა ეს შანსიც მისცა. 60–იან წლებში კლაუდიათი ჰოლივუდიც დაინტერესდა, მაგრამ ხანგრძლივ კონტრაქტებზე სოფი ლორენის, მასტროიანისა და ალენ დელონის მსგავსაც ისიც უარს ამბობდა.

კარდინალე ჰოლივუდის ერთ ფილმში თამაშს დათანხმდა, რასაც ფრანკო კრისტალდისთან კონფლიქტი მოჰყვა. ის ძველებურად უკრძალავდა კლაუდიას, ხმამაღლა ელაპარაკა შვილზე, ცოლთან გაყრას არ აპირებდა და არც თავისი განძის გაშვებას აპირებდა ხელიდან. სწორედ ამ ყველაფრის შესაცვლელად გადაწყვიტა კლაუდიამ რამდენიმე წლით ჰოლივუდში გადასვლა. ეს უფრო კრისტალდისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო, ვიდრე კარიერაზე ფიქრი.

პირველი ადამიანი, რომელმაც ჰოლივუდში ჩასვლისას სასტუმროში დაურეკა, მარლონ ბრანდო იყო. "ბრანდოს უარს ვერ ეუბნებოდა ვერც ქალი და ვერც კაცი, ვერც ჯეიმს დინი და ვერც მერილინ მონრო. ის ჩემი საყვარელი მსახიობი იყო მაშინაც, როდესაც სულ პატარა ვიყავი", – იხსენებს მსახიობი.

ბრანდო დიდხანს ესაუბრებოდა კლაუდიას ტელეფონით, მერე კი ესტუმრა კიდეც. "პირველი შეხვედრისთანავე ვიგრძენი, რა იყო ამ კაცის ხიბლი, მაგრამ ჩემი სიჯიუტის გამო საკუთარი თავისთვის არაფრის უფლება მიმიცია. როდესაც ის ჩემგან წავიდა, თავს მწარედ ვუთხარი, რა სულელი ხარ–მეთქი", – ეს აღიარება მსახიობმა მხოლოდ 2006 წელს გააკეთა.

ჰოლივუდში კლაუდიას ბევრ ფილმში არ უთამაშია. მათ შორის ყველაზე ცნობილი "ვარდისფერი პანტერა" იყო. ფილმზე "ერთხელ ველურ დასავლეთში" მუშაობისას რეჟისორმა სერჟიო ლეონემ ის ჰენრი ფონდას გააცნო. ლეგენდის თანახმად, ფონდა გამოუცდელი აღმოჩნდა ეროტიკულ სცენებში. იმისათვის, რომ ეს ხმები უარეყო და ფილმის გაპიარებაში დახმარებოდა, რეჟისორმა პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც კლაუდია და ჰენრი ჟურნალისტებს საწოლიდან პასუხობდნენ.

ამერიკიდან დაბრუნებული კლაუდია კვლავ ფრანკო კრისტალდის მკლავებში მოექცა. 1966 წელს ისინი დაქორწინდნენ. რადგან იტალიურმა კანონმდებლობამ ამის უფლება არ მისცა, მათ საზღვარგარეთ მოაწერეს ხელი. კლაუდია დღემდე ხუმრობს, რომ ის იტალიაში კვლავ გაუთხოვარი ქალია. ეს ქორწინება მტკიცე არ აღმოჩნდა და წყვილი 70–იანი წლების დასაწყისში გაიყარა.

1973 წელს კარდინალეს სახლში რეჟისორი პასკუალე სკუიტერი ესტუმრა, რომელსაც ხელში ახალი ფილმის სცენარი ეჭირა. ამდენი წლის განმავლობაში კლაუდიას პირველად ჰქონდა შეხება უშუალოდ რეჟისორთან და როლის განხილვაც საკუთარი პროდიუსერის გარეშე უწევდა. შეიძლება ფილმის სცენარი დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ კლაუდია რეჟისორით მოიხიბლა, როლზე დათანხმდა და გადასაღებ მოედანზე სულ თვალებში შესციცინებდა სკუიტერს.

კლაუდიამ პირველად დაიწყო მამაკაცის წინაშე კეკლუცობა. "ძალიან დიდხანს მამაკაცებისთვის მე ვიყავი წარმატებული კაპიტალდაბანდება, პასკუალეს დახმარებით კი ქალი გავხდი", – აღნიშნა ერთ–ერთ ინტერვიუში კარდინალემ.

წყვილს ორი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ერთად ცხოვრება გადაეწყვიტათ. კრისტალდი კარგახანს მოსვენებას არ აძლევდა საყვარელ ქალს. ის დიდხანს ვერ ეგუებოდა იმას, რომ ოქროს გალიიდან ჩიტი გაექცა.

40 წლის ასაკში კლაუდია სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა ეკრანზე. მან საყვარელ რეჟისორს შვილი გაუჩინა. ბავშვსაც კლაუდია დაარქვეს, ეს კი პასკუალეს ინიციატივა იყო. "საოცარია, როცა სახლში კლაუდიას დაიძახებ და ორი ქალი გამოგხედავს", – ამბობდა რეჟისორი.

ამ ეტაპიდან კლაუდიას ცხოვრებაში ოჯახური ურთიერთობები დაიწყო. "ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვიყავი ვარსკვლავი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემ მაგივრად ფიქრობდნენ, ჩემ მაგივრად აწერდნენ ხელს კონტრაქტებს. ერთადერთი, რაც მომეთხოვებოდა, ფოტოკამერის წინ გაღიმება იყო. წვეულებებზე და პრემიერებზე უნდა მეტარებინა ის კაბები, რომლებსაც სხვები მირჩევდნენ. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ბედნიერებისთვის და 40 წლამდე ბედნიერი არ ვყოფილვარ. პასკუალე ის ადამიანია, რომელმაც ცხოვრება დამიბრუნა. მანამდე გაუცნობიერებლად, ავტომატურად ვცხოვრობდი. საოცარია, 40 წლის ასაკში ვიგრძენი თავი გოგონად, რომელიც არასოდეს ვყოფილვარ", – აცხადებს კლაუდია კარდინალე.

იმ დღეს, როდესაც კლაუდია კლაუდიას დედა გახდა, მის შვილს, პატრიკსაც პირველი შვილი შეეძინა და კლაუდია ერთდროულად გახდა დედაც და ბებიაც. მაგრამ ამ სიხარულს ის ფაქტი ანელებდა, რომ პირველ შვილთან მას კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

პატრიკმა თინეიჯერობის ასაკში გაიგო, რომ მისი და სინამდვილეში დედამისი იყო და მას შემდეგ ის კლაუდიას მიმართ დაუნდობელი გახდა. პასკუალემ პატრიკი იშვილა, მაგრამ მან პროტესტის ნიშნად ევროპა დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა.

დროთა განმავლობაში პასკუალემ კინოს თავი დაანება და პოლიტიკაში გადაინაცვლა. ის სენატორი გახდა. კარდინალე თვლის, რომ ის აბსოლუტურად ბედნიერი ქალია, თუმცა დღემდე არ არიან ოფიციალური ცოლ–ქმარი. მსახიობი ამბობს, რომ წარსულით არ ცხოვრობს. მართალია, ფილმებით ნაკლებად ინტერესდება, მაგრამ თვლის, რომ მომავალი წინ აქვს. "კინო – ეს ფანტასტიკაა. მისი წყალობით უამრავი ცხოვრება გავიარე, მაგრამ ამავდროულად დავრჩი ის, რაც ვარ. წარსულის დღეებით მხოლოდ წარუმატებელი ადამიანები ცხოვრობენ. მე მხოლოდ დღევანდელი რეალობა მაინტერესებს. არასოდეს მომდომებია, მუზეუმის ექსპონატი ვყოფილიყავი და ამად ნურც თქვენ ჩამთვლით", – აცხადებს დღეს კლაუდია კარდინალე.

მოამზადა ავთო ჩიტიძემ

sana.ge