ჩიორა თაქთაქიშვილი: მარგველაშვილის ინტერვიუ სამარცხვინოა

  14:27:16     11-11-2013

გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". როგორც საკითხის კომენტირებისას საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, "სამარცხვინოა როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ოკუპანტთან საუბარში სიტყვა ოკუპაციას არ არ ახსენებს"

"სამარცხვინოა, როდესაც პრეზიდენტი არც ერთხელ არ ახსენებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობას და არ საუბრობს იმ უმთავრეს სახელმწიფოებრივ და იმ ეროვნული სუვერენიტეტის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში არსებობს. ასეთი ქმედებები, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ უარეს შედეგებს მოიტანს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე 20 წლის განმავლობაში არიან იმ სურვილით განმსჭვალულნი, რომ საქართველო გახდეს მართლაცდა დამოუკიდებელი ქვეყანა. როდესაც პრეზიდენტი არ სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს, მაშინ ნამდვილად ალბათ არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი და რომელიმე სხვა ქვეყანა პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს" - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

Воскресное Времия-სთვის მიცემულ ინტერვისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიურ თამაშებში.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ შევეცდებით ჩვენი დიალოგი აგრესიული ურთიერთობებიდან რაციონალურ ჩარჩოებში გადავიტანოთ. ამისკენ შესაბამისი ნაბიჯებიც გადავდგით – ზურაბ აბაშიძე მისიით მივავლინეთ პრაღაში, სადაც ეკონომიკური და კულტურული კავშირების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ მონაწილეობას მივიღებთ რუსეთის ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში – ოლიმპიურ თამაშებში და გავფანტეთ დაძაბულობის ფონი" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე განიხილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად სახელმწიფოს მეთაურთა წასვლის საკითხი. მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაიმე პოლიტიკური დაძაბულობა.