
„საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლას ახორციელებს“
13:03:25     11-11-2013
„საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილი, თავისი ეგოისტური მიზნების განხორციელებისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებლზე ზეწოლას ახორციელებს“- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ გააკეთა.
გოგუაძის თქმით, „პარლამენტარების აღნიშნულ ჯგუფს კომფორტული სამეურვეო საბჭო უნდა“.
მედიის თავისუფლების საკითხებზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლამდე, გოგუაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ის საუბარს აპირებს. „ვისაუბრებ იმ ზეწოლაზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი გენერალური დირექტორის უნდობლობასთან, ხოლო შემდეგ – სამეურვეო საბჭოდან 2 ადამიანის გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით. ზეწოლის მცდელობა იყო რამდენიმე ადამიანზე და მართალია, მათ მხოლოდ 2–ის გაყვანა მოახერხეს, მაგრამ ამის შედეგად სამეურვეო საბჭო ქმედითუუნარო გახდა. ახლა, „გაღმა შეგედავეს“ პრინციპით, ისინი ცდილობენ, ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენონ და სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ. ზეწოლის მცდელობას ახორციელებს საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილი, თავისი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, რადგან, როგორც ჩანს, ეს სამეურვეო საბჭო არაკომფორტულია პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფისთვის და მათ სურთ, უფრო კომფორტული სამეურვეო საბჭო დააკომპლექტონ“–განაცხადა გოგუაძემ.