როგორ დაიწყო სალომე ბაკურაძის და თიკა მახალდიანის მეგობრობა

  12:21:49     29-01-2011

"მეტიჩარა ბავშვი" – ეს იყო პირველი, რაც სალომე ბაკურაძემ თიკა მახალდიანის დანახვისას გაიფიქრა. თავის მხრივ, არც სალომეს მოუხდენია თიკაზე დადებითი ეფექტი. ორივე ფიქრობდა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობას ვერ ააწყობდნენ, მაგრამ მერე ყველაფერი სხვანაირად მოხდა. დღეს ამ ორ მომღერალ გოგონას ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. გემოვნებაც კი ერთნაირი აქვთ. ზოგჯერ ერთი და იგივე ბიჭი და ერთი და იგივე კაბა მოსწონთ.

სალომე ბაკურაძე: ხშირად ვამბობ, რომ ადამიანებში არ ვცდები, მათი ამოცნობის უნარი მაქვს. როგორც წესი, ჩემი პირველი შთაბეჭდილება მართლდება, მაგრამ ჩემი და თიკას შემთხვევა სხვა იყო. პირველად "ნუცას სკოლაში" შევხვდით ერთმანეთს. თიკაზე 5 წლით უფროსი ვარ და მაშინ ძალიან პატარა იყო. პირველად ეს გავიფიქრე, მეტიჩარა ბავშვია და ამას რა გაუძლებს–მეთქი. თურმე თვითონაც ცუდი რაღაცეები უფიქრია ჩემზე. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ჩემი პირველი შთაბეჭდილებები არ გამართლდა.

თიკა: თავიდან სალომე არც მე მომეწონა. ძალიან აქტიურ და ყველას რომ ეტენება, ისეთი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. სალომეს ვინც ბოლომდე გაიცნობს, მიხვდება, რომ სულ სხვანაირია. თავიდან ცოტა ცანცარაც მეგონა. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში ისე გადაიზარდა, რომ კარგად ვერც გავაცნობიერეთ.

– თქვენს ურთიერთობაში სასიკეთო გარდატეხა რამ მოახდინა?

სალომე: ალბათ იმან, რომ დასასვენებლად ერთად წავედით თურქეთში. თუმცა მაშინ ჩვენ შორის უკვე არსებობდა გარკვეული სიახლოვე, რადგან, თუ ადამიანი არ მოგწონს, მასთან ერთად დასასვენებლად არ წახვალ.

თიკა: თურქეთის მერე ერთი დღეც არ გასულა, რომ ერთმანეთი არ გვენახა.

– გაიხსენეთ, როგორ დაისვენეთ თურქეთში, ალბათ ბევრი საინტერესო ამბავი გადაგხდათ თავს.

თიკა: იმ დროს დღემდე ვიხსენებთ, ძალიან მაგარი იყო. ასეთი დრო არსად გვიტარებია. ნუცას სკოლელები წავედით. მამიდაჩემიც ჩვენთან ერთად იყო, რომელიც ჩვენი ასაკისაა. თავიდან რომ ვთქვი, მამიდა მომყავს–მეთქი, ყველას შეეშინდა, მაგრამ ყველაზე მაგრად ისევ მან გაგვართო.

სალომე: თიკას მამიდამ მთელი თურქეთი მოგვატარა და მაგარი დრო გვატარებინა. ისეთი ფაქტებიც იყო, რომლის გახსენება და მოყოლა არ გვინდა. სრული საგიჟეთი გვქონდა. სიმშვიდით არც ერთი გამოვირჩევით, მით უმეტეს, როცა სადმე ვართ. გასართობად რომ მივდივართ, ცხვირჩამოშვებული არავინ ზის.

თიკა: სალომე ცუდ ხასიათზეც რომ იყოს, არ ამჟღავნებს და ყველგან ერთობა, ძალიან მხიარულია.

– ყველაზე კარგად სად ერთობით?

სალომე: მაღაზიებში სიარული იმდენად მიყვარს, ფული რომც არ მქონდეს, მაინც შევალ. როცა ტყუილად უნდა ვიბოდიალო მაღაზიებში, თიკას არ ვურეკავ, რადგან ვიცი, რომ ნერვებს მოვუშლი. მე კი ეს ძალიან მართობს.

თიკა: მიყვარს, როცა გოგოები სახლში ამყავს. შინ უფრო თავისუფლად ვართ.

სალომე: სახლში ვისვენებ, ვმშვიდდები, ამიტომ, როცა გართობა მინდა, სხვაგან მირჩევნია წასვლა. თიკა კი პირიქითაა, უყვარს, როცა მასთან სახლში ვართ.

– მაღაზიაში ორივეს ერთი კაბა რომ მოგეწონოთ, რას იზამთ, ორივე იყიდით თუ ერთ–ერთი დათმობთ?

სალომე: ახლახან ორივეს ერთი კაბა მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ვისაც მოერგებოდა, იმას ეყიდა. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ საყიდლებზე სიარული ძალიან მიყვარს და შეუძლიათ, დამირეკონ და მითხრან, გამომყევიო.

თიკა: რამდენიმე დღის წინ ახალი ტანსაცმლის ყიდვა მინდოდა და, რა თქმა უნდა, სალომე სიამოვნებით გამომყვა.

– გათხოვილი არც ერთი ხართ. ბიჭებშიც ერთნაირი გემოვნება გაქვთ?

სალომე: ორივეს ერთნაირი ბიჭები მოგვწონს. თიკა რომ მეტყვის, ნახე, რა კარგი ბიჭიაო, ათასი ბიჭიც რომ იდგეს, უკვე ვიცი, რომელზე მეუბნება.

– ერთმანეთის პირად ცხოვრებაში რამდენად ხართ ჩართული?

სალომე: როგორი ბიჭიც მე მომეწონება, მინდა, რომ ჩემი მეგობრის გვერდითაც სწორედ ისეთი იყოს. მეგობარს არ მივცემ იმის საშუალებას, რომ რაღაცეებზე თვალი დახუჭოს.

თიკა: სალომე ყველთვის გეტყვის თავის აზრს. თუ რამე არ მოსწონს, არ დაგიმალავს.

სალომე: ჩემი საქმე არის თუ არა, მაინც ყოველთვის ვერევი, რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ. თიკას და კიდევ ერთი ჩემი მეგობრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.

– ფიქრობთ, რომ სწორია მეგობრის პირად ცხოვრებაში ჩარევა?

თიკა: როცა სასწაული რაღაც ხდება, უნდა ჩაერიო. მისი გადასაწყვეტია, შენს რჩევას გაითვალისწინებს თუ არა, მაგრამ შენი მოვალეობა უნდა შეასრულო.

– თიკა, სალომეს საქმროს კარგად იცნობთ?

თიკა: სალომე რომ ვნახე პირველად, ვასკაც მაშინ გავიცანი. მგონი, უკვე შვიდი წელია, ვიცნობ. ჩემი ძმისგან არ გამოვარჩევ. ჩემი ოჯახის წევრივითაა და ძალიან მიყვარს.

სალომე: როცა მე და ვასკა რაღაცაზე ვიბუტებით, თიკა სულ იმის მხარეს იჭერს და ეს ძალიან მაბრაზებს.

თიკა: მართლაც ასე ვიქცევი, რადგან ზუსტად ვიცი, ვასკას ბრალი არ იქნება. სალომეს ვეტყვი ხოლმე, შენი ბრალი იქნებოდა, რაღაცას ჩაუკირკიტებდი და ნერვებს მოუშლიდი–მეთქი.

– ოჯახებით თუ მეგობრობთ?

თიკა: კი, ფაქტობრივად დებივით ვართ.

სალომე: ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, მხოლოდ შაბათ–კვირას ან თავისუფალ დროს ვნახოთ ერთმანეთი. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ვერ წარმომიდგენია, ჩემი მეგობრების გარეშე ერთი წამით ვიცხოვრო.

– სცენაზე ხშირად ერთმანეთის კონკურენტებიც ხართ. ამ დროს როგორ გრძნობთ თავს?

სალომე: ყოველთვის იმას ვამბობ, რომ კონკურენტად არავის აღვიქვამ. შეიძლება ეს ჩემი სისუსტეცაა, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს გასავლელი. ცუდის კეთება არავის შერგებია. სისულელეა, შენს მეგობარს გაუწიო მეტოქეობა. მისი წარმატება უნდა გიხაროდეს.

თიკა: ჩვენ შორის კონკურენცია მართლა არ არსებობს. რამდენიმე მომღერალი ვმეგობრობთ და ერთმანეთს კონკურენტებად ვერ აღვიქვამთ, ჩვენ შორის შეჯიბრი გამორიცხულია.

– სალომემ "ბრავოში" მანქანა მოიგო. მანამდეც მართავდა ავტომობილს, როგორი მძღოლია სალომე?

თიკა: ძალიან მაგარი მძღოლია. პირველად რომ "მერსედესი" იყიდა, იმ მანქანიდან არ გადმოვსულვარ. ვამბობდით, რომ ეს იყო მანქანა ოთახის მიშენების პერსპექტივით. ტანსაცმელიც კი იქ გვქონდა. მოკლედ, იქ ვცხოვრობდით. სალომეს ვეუბნები, შუმახერი ხარ–მეთქი. ბევრ კაცს ვერ დაჰყავს ისე მანქანა, როგორც სალომეს. ბიჭებიც ამას ეუბნებიან.

– თქვენს ხასიათებში მსგავსებასთან ერთად რა განსხვავებაა, რითი ავსებთ ერთმანეთს?

სალომე: მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფრის სწრაფად კეთება მიყვარს. თიკა დინჯია. მე რომ მეჩქარება, მგონია, ქვეყანა იქცევა და ეს ხასიათზეც მეტყობა. თიკას კი მშვიდად შეუძლია იჩქაროს.

თიკა: მიუხედავად ამისა, მე უფრო დროზე მივდივარ, ვიდრე სალომე. ჩქარობს, მაგრამ მაინც ყოველთვის აგვიანებს.

Sana.ge