ნადირაშვილი მარგველაშვილს: დღესაც დებილად თვლით იმ ადამიანებს, ვინც პრეზიდენტად აგირჩიათ?

  12:55:50     06-11-2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი „ღარიბაშვილის სააგენტოს“ ურჩევს, რომ ყველაფერში საიდუმლოს ნუ ეძებენ და ნუ ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას.

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ყვარელში პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი თანაგუნდელებს სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

ირმა ნადირაშვილი: ღარიბაშვილის სააგენტო სიცრუის ტრაჟირებას ეწევა. რატომღაც მათ ყველგან საიდუმლო ელანდებათ. რეალურად კი ყვარელში გამართული შეხვედრა ატარებდა საქმიან ხასიათს. შეიკრიბა პოლიტსაბჭო და ვისაუბრეთ პარტიის მომავალ გეგმებზე. ეს იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეკრება სხვა არაფერი.

- დღის მთავარი თემა მომავალი პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილი მოსაზრება რჩება, სადაც მარგველაშვილმა  ქართველი ერის  დიაგნოზი დაუსვა: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით...

- მარგველაშვილის „დიაგნოზთან“ დაკავშირებით, შეფასების გაკეთება არ მინდა. მე კითხვა მაქვს მომავალ პრეზიდენტთან: დღესაც ასე ფიქრობს იმ ადამიანებზე ბატონი მარგველაშვილი, ვინც ის ხმათა უმრავლესობით აირჩია?

- საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ მხარდაჭერაზე მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს თქვენი გუნდისთვის ამომრჩეველთა 21% –ის ნდობა?

- ჩვენ ვთვლით, რომ იმ ადმინისტაციული რესურსის გამოყენების ფონზე, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი ჰქონდა, იმ რეპრესიების ფონზე, რომელიც განახორციელა მთავრობამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს 21 % არის ძალიან ნორმალური შედეგი. პარტიის რეიტინგი დღეს გაზრდილია. ამასთან, გამოიკვეთა ტენდენცია, ამომრჩეველი იმედგაცრუებულია, რადგან როგორც იცით ამომრჩეველთა 46% მოვიდა ხმის მისაცემად, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, რაც „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკით აიხსნება.

- შსს-ს მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა იკლო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა, ენდობით თუ არა სამინისტროს სტატისტიკას?

- ღარიბაშვილი ცდილობს სასურველი „რეალობა“ წარმოაჩინოს. მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ამ მონაცემებს რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ ღარიბაშვილის უწყება კიდევ უფრო დამალავს დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, რასაც ისინი ბოლო ერთი წელია აკეთებენ, თუ მედიამ არ გაიგო დანაშაულის შესახებ, შს სამინისტროს ეს არც კი გამოქვს დღის სინათლეზე. თუ ასე გააგრძელეს, დანაშაულის მაჩვენებელი 100% ით შეუძლიათ დაწიონ, რასაც თავის დროზე კომუნისტები აკეთებდნენ. ღარიბაშვილი შევარდნაძის პოლიციის დაბრუნებას ცდილობს  მერაბიშვილის მიერ საათივით აწყობილ სტრუქტურაში. უწყებაში მას მრავლად ყავს შევარდნაზის კორუმპირებული პოლიციის წარმომადგენლები.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება თავის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაესახელებინა, პრეზიდენტად კი მარგველაშვილი, მიანიშნებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და ის კულისებიდან შეეცდება მათი ხელდასმულების მართვას...

- ჩემი აზრით, ივანიშვილი მიდის თანამდებობიდან და არა პოლიტიკიდან. ის ცდილობს გაექცეს პასუხიმგებლობას. როდესაც პრეზიდენტად არჩევ ადამიანს, რომელიც პელეს გეძახის, პირად მდივანს კი ნიშნავ პრემიერ–მინისტრად, პირად ექიმს ჯანდაცვის მინისტრის სავარძელში სვამ, („ქართუს“ რამდენი თანამშრომელი მართავს დღეს სხვადასხვა სტრუქტურას, ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), როდესაც მიდიხარ და წინასწარ გინდა დაასახელო თბილისის მერის კანდიდატურა, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შენ პოლიტიკაში რჩები და უბრალოდ არ გინდა აიღო პასუხისმებლობა, მით უმეტეს იმ რეალობაში, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ნახევარი მილიარდით არის გარღვეული ქვეყნის ბიუჯეტი, ახალი ბიუჯეტი კი სრულიად არარეალისტურია, რომელსაც „ტყუილების“ ბიუჯეტი თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ.