ქორწინება-განქორწინებები, საყვარლები, ნათლობა, პოლიტიკა - ბაგრატიონები მოწყენის საშუალებას არ გვაძლევენ

  12:49:54     04-11-2013

სკანდალური დაშორებითა თუ შერიგებით ბაგრატიონები პერიოდულად გამოჩნდებიან დღის სინათლეზე. ამჯერად, ანა და დავით ბაგრატიონებმა მათი მემკვიდრის, პატარა გიორგი ბაგრატიონის პომპეზური ნათლობით მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება.

გუშინ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში  გიორგი ბაგრატიონი  მოინათლა. უფლისწულის ნათლობის ცერემონიალი აღასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. გიორგის ერთ-ერთი ნათლია  „მეოცნებე“ ლევან ვასაძეა. თავის დროზე  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მონარქიის აღდგენის იდეით გამოვიდა და წყვილი შეაუღლა.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა დავით ბაგრატიონმა მაღალი ეშლონებიდან დახმარების გარანტია მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება.  ბაგრატიონები საგურამოში იცხოვრებენ, დავითის სახლში, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ბაგრატიონების საქმიანობას, იმის გათვალიწინებით, რომ მონარქიის აღდგენის შორეული პერსპექტივაც არ ჩანს, დავითმა გადაწყვიტა დაუბრუნდეს ბიზნეს საქმიანობას.

"დავითი და ანა საქართველოში ისევე იცხოვრებენ, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე. მათ არასდროს უფიქრიათ, ვინმეს დააწვნენ ტვირთად. მეტიც, ოჯახი ქმნის უფლისწულ გიორგის სახელობის ფონდს, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს საქართველოში. ბაგრატიონები აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არა - პოლიტიკაში," - აცხადებს სამეფო ოჯახის კანცლერი სიმონ კოპაძე.

სამეფო ოჯახის ორი შტოს_ბაგრატიონ-მუხრანელებისა და ბაგრატიონ-გრუზინსკების შთამომავლები დავით ბაგრატიონი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2009 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დაქორწინდნენ. მონარქიის იდეით აღტკინებულებს სამეფო წყვილმა ქორწინებიდან დღემდე არაერთხელ აუტოკეს ნერვები. ორთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ანასა და დავითის განშორების შესახებ გახდა ცნობილი. გაყრის ერთ–ერთ მიზეზად  სიძე–სიმამრს შორის არსებული დაძაბულობა სახელდებოდა.

საქართველოს "სამეფო კარზე" განხეთქილების თემა დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

გრუზინსკების შტო თვლის, რომ ისინი არიან მეფის პირდაპირი მემკვიდრეები და ამიტომ სიმამრმა, რეჟისორმა ნუგზარ ბაგრატიონმა, თავისი "სამეფო კარის" კანცლერს კახა ქორიძეს საგანგებო განცხადება გაავრცელებინა, რომლის ამონარიდსაც შემოგთავაზებთ:

"საქორწინო ხელშეკრულებას დღემდე ხელი არ მოეწერა, ამიტომ საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლით დაბადებული ვაჟი დარჩება ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ხაზის გამგრძელებელი და არა ბაგრატიონი-გრუზინსკების სამეფო ხაზისა".

გამოდის, რომ თუ აღიარებს დავითი სიმამრის უპირატესობას. მისი ვაჟი გახდება ტახტის მემკვიდრე, სიმამრის სურვილით, თუ არა იმავე სიმამრის სურვილით ვერ გახდება პატარა გიორგი ტახტის მემკვიდრე. ახალდაბადებული გიორგი ბაგრატიონის მემკვიდრედ გამოცხადების საკითხი ნაადრევი გამოდგა, საკუთარმა "დე იურე მეფე პაპამ" უნდა მისცეს გრუზინსკობა, ოღონდ, თუ ამაზე თანახმა იქნება მამა-დავით ბაგრატიონ-მუხრანელი.

სკანდალური დაშორების შემდეგ დავით ბაგრატიონ მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიას სახელმა 27 სექტემბერსაც გაიჟღერა, ამ დღეს წყვილს  ვაჟი შეეძინა. სკანდალურად დაშორებულებიც შერიგდნენ. გარდა სამეფო ინტრიგებისა, ანასა და დავითის ურთიერთობას ყოველთვის უშლიდა სასიყვარულო სამკუთხედი. როგორც ბაგრატიონებთან დაახლოებული ადამიანები ჰყვებიან, დავით ბაგრატიონი ბოჰემურ ცხოვრებას ვერ თმობს და მუსუსობით გამოირჩევა.

ქართველ მკითხველს კარგად ახსოვს დავით ბაგრატიონისა და მსახიობ შორენა ბეგაშვილის რომანი, რომელიც როგორც ამბობენ, სწორედ მონარქიის აღდგენის იდეას  შეეწირა.

შორენა ბეგაშვილი მეუღლესთან  ზურა ბარბაქაძესთან ახალი დაშორებული იყო, როცა „ფლეიბოის“ ვარსკვლავის ცხოვრებაში მონარქი დავით ბაგრატიონი გამოჩნდა, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ყოფა და როგორ განვითარდა მოვლენები, მოგვიანებით მთელმა საქართველომ გაიგო. მსახიობი აცხადებს, რომ ბაგრატიონთან დაშორების მიზეზი დავითის მიერ განხორციელებული ძალადობა გახდა.

„მეფეათან“ დაშორება წარმატებული აღმოჩნდა მსახიობისთვის, შორენამ პოპულარობის მწვერვალი და საკმაოდ ბევრი მამაკაცის გული მალევე მოიგო.

„მეფისა“ და მსახიობის რომანი საზოგადოებას მალე მიავიწყდა, მეოცნებე დავით ბაგრატონმა   ყურადღების ცენტრში ყოფნა ამჯერად  ვირტუალურ სამეფოს შექმნით მოახერხა.

დავითს ინტერნეტ სივრცეში თავის სამფლობელო აქვს, თავად მეფეა, საზოგადობისთვის კარგად ცნობილი, მისი მეგობრები კი მსახურთუხუცესები. საქმე ეხება სამეფო გვერდს www.royalhouseofgeorgia.ge სადაც დავითის ვირტუალური სამეფოს ნახვაა იყო შესაძლებელი თავისი კარის მსახურებით, უხუცესებით, სამეფო ორდენებით და ყველა სხვა საჭირო ატრიბუტიკით.  საიტზე  იმ ადამიანების ფოტოებიც იდო, რომელიც დავითმა  2008 წლიდან  სამეფო ოქროს მედლით დაასაჩუქრა. მედალზე სამეფო გვირგვინი და წმინდა გიორგია გამოსახული.

რაც შეეხება პოლიტიკურ სიმპატიებს, დავით ბაგრატიონმს პოლიტიკური განცხადება გასული წლის ოქტომბერში გააკეთა, როცა სამეფო ბრძანებით „ქართულ ოცნებას“ მიულოცა.