ლაშა აბაშიძე: თანამდებობაზე მარგველაშვილმა პროფესიული ურთიერთობებიდან გამომდინარე შემარჩია

  11:32:23     01-11-2013

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა აბაშიძე ირწმუნება, რომ  გიორგი მარგველაშვილს მაღალ თანამდებობაზე ნათესაური კავშირის გამო არ დაუნიშნავს

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მარგველაშვილმა  საქმიანი და პროფესიული ურთიერთობებიდან გამომდინარე შემარჩია",- განაცხადა აბაშიძემ სოციალური ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას. 

"ბოლო პერიოდში ჩვენი ნათესაური კავშირის შესახებ გარკვეული ინფორმაციები გავრცელდა, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს. ჩემთვის ნდობის გამოცხადება განპირობებულია მხოლოდ საქმიანი და პროფესიული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ხოლო ის, რომ 8 წლის წინ ნათესაური კავშირი გვქონდა, ამას, რა თქმა უნდა, ვადასტურებ", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს სტუდენტობიდან იცნობს. 

"მე ვიყავი სტუდენტი, როცა ბატონი გიორგი იყო ჯიპას რექტორი. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მას შემდეგ მე ვმუშაობდი განათლების სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი ვიყავი საარჩევნო შტაბში, კერძოდ, საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი, ასევე გახლდით ცესკო-ში მისი წარმომადგენელი, ასე, რომ ჩვენ გვაქვს პროფესიული და საქმიანი ურთიერთობები", - განმარტა ლაშა აბაშიძემ.

ვინ არის ლაშა აბაშიძე?

დადასტურებული ინფორმაციით, აბაშიძე არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მეუღლის ხათუნა აბაშიძის ნახევარძმაა, მათ საერთო მამა ჰყავთ. აბაშიძე გიორგი მარგველაშვილთან წლებია მუშაობს. 

2010-2012 წლებში ლაშა აბაშიძე ლონდონის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში ბიზნესის განვითარების უფროსი/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, ის ზედამხედველობას უწევდა კომპანიის ძირითად საფინანსო-საოპერაციო საქმიანობას; ზედამხედველობდა კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებს, იურიდიულ, საკადრო, რისკებისა და ფინანსურ დეპარტამენტებს, ანგარიშების შესრულებას, ახორციელებდა ბიუჯეტირებას და უზრუნველყოფდა მისი პარამეტრების შესრულებას. 2007-2010 წლებში ლაშა აბაშიძე “საქართველოს რკინიგზის” ოპერაციათა მართვის და შესყიდვების სააგენტოს უფროსი გახლდათ.

როგორც "პრესა.ჯი"-მ გაარკვია, 2004 წელს აბაშიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის იურისტის სპეციალობით. 2004-2005 წლებში კი მან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA)  სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2011 წელს ფინანსური მართვისა და აღრიცხვის სპეციალიზებული პროგრამა  გაიარა   დიდ ბრიტანეთში. 2012-2013 წლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მუშაობდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, იყო კოალიცია “ქართული ოცნება” პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ფონდის მმართველი და გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი ცესკოში.