სუთიძე: ჩვენთვის წაყენებული ბრალდება სრულიად მოკლებული იყო რეალობას

  12:35:32     31-10-2013

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა ყოფილის მინისტრი ბაჩანა ახალაია, მასთან ერთად ბრალდებულ 7 პირთან ერთად, უდანაშაულოდ სცნეს, შეფასებები უკვე მოჰყვა. „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ყოფილმა ბრალდებულმა რობერტ სუთიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

სუთიძე: ჩვენთვის წაყენებული ბრალდება სრულიად მოკლებული იყო რეალობას, დღეს კი ეს მოსამართლის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო ყველას. ეს ბიჭები ბაჩანა ახალაიასთან ერთად ქვეყნის პარტრიოტები არიან არცერთ ჩვენგანს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაგვიდენია.

რაც შეეხება ახალაიას ადვოკატების შეფასებას, ადვოკატმა გოგა ონიანმა იუსტიციის მინისტრ თეა წულკიანს ბრალდებულების უკანონო პატიმრობაში ყოფნისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„ეს ადამიანები, უკანონო პატიმრობაში ამყოფეს დაახლოებით 7 თვე. ქალბატონ წულუკიანს მინდა მივმართო, რომ მოუხადოს ამ ადამიანების მშობლებს ბოდიში“,- აღნიშნა გოგა ონიანმა.

ახალაის დამცველის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილება ზუსტად ისეთი გადაწყვეტილებაა, როგორსაც ეს საქმე იმსახურებდა.

"ეს იყო აბსურდული და ცრუ მოწმეებზე დამყარებული საქმე, რომელიც სრულად გაქარწყლდა. პროცესზე ყველამ დაინახა "შპარგალკიანი მოწმეები" როგორ მოდიოდნენ პროცესზე და როგორ ცვლიდნენ ჩვენებებს", - განაცხადა მალხაზ ველიჯაშვილმა. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ უკაონო დაკავების გამო სარჩელი სასამართლოში შეიტანოს.

„პრესა.ჯი“ ბაჩანა ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

ნადარეიშვილი: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილების შემდეგ უცნობი იყო  თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე დავით მგელიაშვილი. ციხის ბუნტის საქმეზე კარგად ვიცით, რომ მოსამართლემ ქურდების მხარე დაიჭირა. მაგრამ ეს კონკრეტული ერთი მოსამართლის სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.

ბაჩო ახალაიას მამა როლად ახალაიას ნადარეიშვილის მსგავსად, უკმაყოფილებას გამოთქვამს ციხის ბუნტის საქმის განაჩენით, ხოლო დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მისაბაძს უწოდებს.  „მინდა მივმართო იმ სამარცხვინო განაჩენის ავტორს, რომელიც ციხის ბუნტის საქმეზე იქნა გამოტანილი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს და მინდა მივულოცო მას ქურდულ სამყაროსთან გაერთიანება. დღეს ქურდები მისი გადაწყვეტილებით ამაყობენ", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდში შსს განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომლები: ალექსი დავითაშვილი, დავით ვეკუა, რობერტ სუთიძე, ვლადიმერ ზანგიევი, დავით გიორგაშვილი, დავით ჩუბინიძე და მამუკა აბაშიძე ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულები იყვნენ 7 სპეცრაზმელის იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე წამებაში, განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.