"პრეზიდენტმა ის ხალხი შეიწყალა, ვინც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა"

  18:51:20     30-10-2013

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოხმაურა.

როგორც ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, " პრეზიდენტმა შეიწყალა ის ხალხი, რომლებზეც იყო დარწმუნებული, რომ ისინი გახდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი".

რაც შეეხება მაიზერ ლიპარტელიანის შეწყალების ფაქტს, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული იყო ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, რომ ეს ადამიანი თავის დროზეც მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ სასურველი ჩვენება არ მისცა პროკურატურას.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა და 250-მდე პირი შეიწყალა. მათ შორის არის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი. მას აღნიშნული თანამდებობა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს ეკავა. ახალი ხელისუფლების პირობებში მას ბრალი დაუსწრებლად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს. შეწყალებულთა შორის არის ასევე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი.