
"არჩევნების ციებ-ცხელება მალე გაივლის და ზედაპირული საუბრის შემდეგ გადავალთ საქმის კეთებაზე"
14:20:48     30-10-2013
გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ზაფხულის მერე გაორმაგდა. როგორც უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ სესიაზე განაცხადა, "ნაცმოძრაობა "ქართული ოცნების" ძლიერი ალტერნატივაა.
"დროა საქართველოში დამთავრდეს დაპირისპირება. დროა საქმის კეთება დავიწყოთ და ჯანსაღი ოპონირება გვქონდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნების ციებ-ცხელება მალე გაივლის და ზედაპირული საუბრის შემდეგ გადავალთ საქმის კეთებაზე. უმრავლესობის წევრებს შევახსენებ, რომ ზაფხულის შემდეგ ჩვენი რეიტინგი გაორმაგდა და მზარდი რეიტინგი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ ვართ ძირითადი ალტერნატივა "ქართული ოცნების" და დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან როლს ვითამაშებთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა ვაშაძემ.
ვასაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ხელისუფლებას მოუწოდა გულისყურით მოეკიდნონ ეკონომიკურ პრობლემას.
ვაშაძე: "იზრდება უმუშევრობა. ბიუჯეტში პრობლემებია და მას წლის ბოლომდე სავარაუდოდ 500-600 მილიონი დააკლდება, რაც არის დიდი პრობლემა. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ვალდებულებებს ვერ აფინანსებს ბიუჯეტი. ჩვენ წარმოგვიდგინეს ახალი ბიუჯეტი, სადაც უზარმაზარი პრობლემაა. უპრეცედენტოდ დიდ ვალს იღებს სახელმწიფო, რაც რთული იქნება გასასტუმრებლად. მე იმედი მაქვს, რომ უფრო მკაფიო პოლიტიკა ექნება სახელმწიფოს ეკონომიკის მიმართულებით. ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო გადავიდა მეცხრედან მერვე ადგილზე. ეს არის 2012 წელს ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგი. ასევე მინდა შეგახსენოთ, წინაასაარჩევნოდ არაერთხელ ვამბობდით, რომ რეგულაციები საქართველოში უნდა იყოს მარტივი და გთავაზობთ, რომ არჩევნების ციებ-ცხელების გადავლის შემდეგ მივუბრუნბდეთ ამ საკითხს და მივიღოთ კანონი, სადაც ჩვენ ვიტყვით რომ არც ერთ რეგულაციას არ გავართულებთ ბიზნესისთვის. ეს იქნება ძალიან კარგი მესიჯი მას შემდეგ, რაც პარლამენტში მიღებული იქნა ძალიან ბევრი კანონი, რომელმაც გაართულა ბიზნესის კეთების რეგულაციები საქართველოში. მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო გააგრძელებს ამ პროგრესს, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია სამუშაო ადგილებთან. კარგი იქნება ასევე თუ დავიწყებთ გადასახადების შემცირებისა და დეკრიმინალიზაციის განხილვას".
დღესვე დეპუტატმა ზუგდიდის რაიონის 4 სოფელში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრა.
დეპუტატის ინფორმაციით, ჩხორია, ტყაია, რუხი და რიყე წყლის გარეშეა დარჩენილი. რადგან გასული წლის ნოემბერში სამი კილომეტრი იქნა მოქმედი წყალსადენიდან ამოღებული და ამის ნაწილი გაიყიდა სადღაც, ნაწილი მოსახლეობის აქტივობიდან გამომდინარე, პოლიციამ დააყადაღა.