სააკაშვილი: "ეს არის ისეთი მეორე ადგილი, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი გამარჯვებისთვის"

  18:24:44     28-10-2013

საქართველოს პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით  "ეს არის ისეთი მეორე ადგილი, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი გამარჯვებისთვის". 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა და მისი წევრების მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არჩევებში დაბალი აქტივობა იყო, გამოვლენილი შედეგი კარგი საწყისია მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის.

"როგორც არასდროს, მოთხოვნა იქნება დემოკრატიულ, ეფექტურ ოპოზიციაზე, ქმედით, უშიშარ საპარლამენტო და პარლამენტგარეშე ძალაზე, მყარი იდეოლოგიით, ბირთვით და კარგად შემდგარი პროგრამით. მათ შორის ძალიან დიდი მხარდაჭერით, განსაკუთრებით ახალგაზრდობის. ყველაფერი ის, რაც დღეს არის ჩვენი პარტია",- დასძინა პრეზიდენტმა. 

დაუღალავი შრომისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ამას გარდა, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა ნაციონალურ პარტიის კანდიდატს.