ძველაიას მამა: ჩემი შვილი ჩვენზე არ ძალადობდა
14:48:33     28-10-2013
7 ოქტომბერს, ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის პატიმრის, გოგი ძველაიას მამა თენგიზ ძველაია „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ძველაია ფიზიკურ აგრესიას ავლენდა მშობლების მიმართ, კატეგორიულად უარყოფს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს თენგიზ ძველაიამ განუცხადა, მოზარდს არასდროს მიუყენებია შეურაცხყოფა მშობლებისთვის.
თენგიზ ძველაია: რადგან წერთ, რომ ჩემი შვილი ფსიქიკურად შეშლილი იყო, გამოდის რომ ეს სადღაც წაიკითხეთ, ფსიქიატრიულ კვლევაში... მაშინ ვსვამ კითხვას, თუ ეს ბავშვი შეუერაცხადი იყო, რატომ წაუყენა სენაკის პროკურატურამ გოგა ძველაიას ბრალდება. რატომ დააკისრეს კოლოსალური თანხა და რატომ ჩასვეს ციხეში?
„პრესა.ჯი“: ჰქონდა თუ არა ძველაიას პრობლემები ფსიქიკასთან დაკავშირებით?
- მას გარკვეული სახის პრობლემები აღენიშნებოდა, ბავშვრობაში მომხდარი ავარიის შემდეგ, მაგრამ ინფორმაცია, რომ ის დედამისს ან მე მცემდა, სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება.
- არც ბიძამისის სახლი გადაუწვავს?
- სენაკში ასათიანის ქუჩაზე დგას ბიძამისის სახლი, მიბრძანდით და ნახეთ.
- პირად საუბარში თქვენი შვილის დაკავების შესახებ საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთეთ...
- სენაკის, პოლიციამ დააბრალა გოგას მაგნიტაფონის ქურდობა. ახლობელმა რომელიც პოლიციაში მუშაობს მითხრა, რომ მათ გეგმა აქვთ შესასრულებელი, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა დაიჭირონ ახალგაზრდები და ამით ფული შეიტანონ ბიუჯეტში.
–ვინ დაავალა პოლიციელებს მოზარდების დაკავება?
არ ვიცი, პოლიციის უფროსი, ვინც არის სენაკის ან დასავლეთის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ.