ბოკერია: „რა თქმა უნდა, ჩემი განცხადება ძალაში რჩება, თანამდებობას ინაუგურაციამდე დავტოვებ“

  12:32:48     28-10-2013

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლაზე უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაც ალაპარაკდა. ის გადაწყეტილების ოფიციალურად გაფორმებას  ახალი პრეზიდენტის ინაგურაციამდე აპირებს.

პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, გიგა ბოკერიამ მედიის წარმომადგენლებთან დღეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს, როგორც საქართველოს მოქალაქე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

„რა თქმა უნდა, ჩემი განცხადება ძალაში რჩება! როგორ ფიქრობთ, ეს ძალაში არ დარჩება? საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი“, - აღნიშნა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივნმა არჩევნებში დავით ბაქრაძის შედეგიც შეფასა და თქვა, რომ ეს პროცენტი მხარდამჭერთა რიგების ზრდაზე მიუთითებს.

გიგა ბოკერია: ჩვენი პოლიტიკური ძალა დაინტერესებულია, რომ ქვეყანა განვითარდეს. პატივს ვცემთ  ქართველი ხალხის ნებას და გამარჯვებულს ვულოცავთ. საქმიანობას გავაგრძელებთ, ცივილიზებული მეთოდებით, როგორც ცივილიზებული ოპოზიცია. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავარ ამოცანად ოპონენტის განადგურება დაისახა, რაც შესრულებული ვერ იქნა. ამას გარდა, მოგონილი საბაბი იყო, რომ თითქოს, ახალ პოლიტიკურ გუნდს ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავდება, მათ ყველა საქმეში წარმატებას ვუსურვებ, რაც ქვეყანას წაადგება.

თუ ვინ დაიკავებს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს, ეს ამ დრომდე უცნობია.

როგორც მარგველაშვილმა ამ თემაზე საუბრისას  აღნიშნა,  „მას უკვე ნაფიქრი აქვს - თუ ვინ შეძლება დაიკავოს გიგა ბოკერიას პოსტი, თუმცა ამ ეტაპზე კანდიდატურის დასახელებისგან თავს შეიკავებს“.