რუსმა სამხედროებმა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს

  18:42:19     26-10-2013

სოფელ ხურვალეთში ჩასულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ადგილობრივმა დავით ვანიშვილმა ინფორმაცია მიაწოდა, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კატეგორიულად აუკრძალეს.  

,,საშინელი  ზეწოლის ქვეშ გვიწევს ცხოვრება, ახლა, თქვენ რომ გესაუბრებით, წახვალთ თუ არა, მაშინვე მოვლენ რუსები, გვაფრთხილებენ, რომ არ დაგელაპარაკოთ არც ქართველებს და არც აქ ჩამოსულ უცხოელებს“,- განაცხადა მოქალაქემ.

ვანიშვილის განცხადებით, წყალს თითქმის 2-კილომეტრიდან ეზიდებიან.

„ პურსაც კი ვერ ვყიდულობთ აქეთ, ქართულ ფულზე არ გვაძლევენ, ჩვენ კი, პენსიას ლარით ვიღებთ, ამასაც ამ მავთულხლართებიდან გვაწვდიან. შეშაც არ გვაქვს, იძულებული ვარ, ეზოში ვაშლისა და კაკლის ხეებს ჩამოვაჭრათ ტოტები და ამით გავთბეთ ზამთარში. დღეს დილით იყვნენ რუსები მოსულები და კატეგორიულად გამაფრთხილეს, თუ იფიქრებ, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას არჩევნებში ხმის მისაცემად, შენს შვილიშვილს დავაპატიმრებთ, არადა, მინდოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება", - აღნიშნა დავით ვანიშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, გამყოფ ხაზთან არსებული ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, ცოტა ხნის წინ, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხურვალეთსა და დვანში იმყოფებოდა.