
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ დაიჩოქებს და დამპყრობელს ჩექმებს არ აულოკავს
17:19:52     26-10-2013
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა მისი გმირობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაჟა-ფშაველას ლექსი „არწივი“ ყველაზე ნათლად ასახავს გიორგი ანწუხელიძის ყოფას.
მიხეილ სააკაშვილი: "იმ წამს, იმ წუთს გიორგი ანწუხელიძე იყო საქართველო! თავისი ქმედებით მან თქვა: დღეს მე ვარ საქართველო! საქართველო კი არ დაიჩოქებს! საქართველო არ აულოკავს დამპყრობელს ჩექმას! საქართველო არ დაიმცირებს თავს! მე ვარ საქართველო!
სწორედ ამიტომ არის ის გმირი! იმ წუთებში ის იყო ქართველობისა და საქართველოს განსახიერება, მთავარი სიმბოლო."
სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს დღეს ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქა უდგას.
"ჩვენ 8-9 წლის წინ გადავიბარეთ საქართველო, რომელიც ვერ აკონტროლებდა პანკისის ხეობას, ჯავახეთს. ასლან აბაშიძის სეპარატისტული მთავრობის გამო, აჭარის ტერიტორიას ვერ აკონტროლებდა, ბუნებრივია, ასევე ვერ აკონტროლებდა რუსების მიერ კონტროლირებად ცხინვალსა და აფხაზეთს. როდესაც რუსები პირდაპირ შემოვიდნენ, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი და აღვადგინეთ იმის გამო, რომ შევქმენით სახელმწიფო. სახელმწიფოს ქმნიდა უამრავი ადამიანი, რომელთაც არ სჭირდებოდათ ტიტულები. მისაბაძი მაგალითი არის გიორგი ანწუხელიძე“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა: "ყველა ეპოქას ჰყავდა გმირები. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გენერალ მაზნიაშვილს – მან შეკრიბა ის ქართველები, რომლებიც მზად იყვნენ ბოლო წუთამდე საბრძოლველად. რა თქმა უნდა, იმ წუთში გენერალი მაზნიაშვილი იყო საქართველო. მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გრიგოლ ფერაძეს, - ის იყო თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი, მან ჩაანაცვლა გაზის კამერაში პოლონური ოჯახი - პოლონელი ბავშვი. იმ წუთში ის იყო საქართველო და სხვანაირად არ შეიძლებოდა მოქცეულიყო. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო ძალიან დიდ პატრიარქს, ამბროსი ხელაიას, რომელიც იყო მეტეხის ციხეში და ემუქრებოდა გარდაუვალი სიკვდილი. თავისი საკნიდან მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობა. იმ წუთში ამბროსი ხელაია არ იყო მხოლოდ ცალკე აღებული ქართველი, ის იყო საქართველო, რომელიც არასდროს დაუჩოქებდა რუსებს. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო მიხაკო წერეთელს, რომელიც ქართული ეროვნული იდეის მატარებელი იყო მაშინ, როცა, პრაქტიკულად, ეროვნული იდეა გამქრალი იყო. მე ვამაყობ არა მხოლოდ იმით, რომ ის ჩემი წინაპარი იყო, არამედ იმით, რომ ის ქართველი იყო. მე მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო ექვთიმე თაყაიშვილს, მან შიმშილის ფასად შეინახა საქართველოს ეროვნული განძი. მის ადგილზე ამ განძს სხვა გაყიდდა და საჭმელს მაინც შეჭამდა, მაგრამ ის იყო საქართველო. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას – როცა არავის ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, ზვიად გამსახურდია იყო ის, ვინც იყო ამ ეროვნული ჩირაღდნის მატარებელი. ის იყო მაშინდელი საქართველოს სიმბოლო, 90-იანი წლების დასაწყისის. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს მერაბ კოსტავასაც, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო ამ იდეის მატარებელი - ის ერთი წამით არ შეტოკებულა, ერთი წამით არ დათანხმებია არანაირ თანამშრომლობას მჩაგვრელებთან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.