ადვოკატი ახალაიასთვის ბრალის დამძიმებაზე: “ეს უკვე ტყვეობაა”

  17:59:58     25-10-2013

“ეს უკვე ტყვეობაა”,- ასე აფასებს ბაჩო ახალაისთვის ბრალის დამძიმებას შს ყოფილი მინისტრის ადვოკატი გოგა ონიანი.

როგორც ადვოკატმა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წაყენება, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

გოგა ონიანი: ხელისუფლება ცდილობს იაფფასიანი შოუებით ამომრჩეველზე იმუშავოს. რატომღაც ჰგონიათ, რომ არჩევნებზე მხარდაჭერას მოიპოვებენ და პირველ ტურში გაინაღდებენ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. მაგრამ საზოგადოება ნამდვილად აღარ „ჭამს“ ამ ადამიანების ასეთ ფარსს.

არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ახალაიას წინააღმდეგ მიმდინარე ყველა პროცესი პოლიტიკური არ არის და მას სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თვითონ რაც წარმოადგინეს საბოლოოდ დასკვნით სიტყვაში თვითონვე დაინახეს, რომ დანაშაულის შემცველი ამ ადამიანის ქმედებაში არაფერი იყო. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ მათი მხარდამჭერებისთვის, რომლებიც ითხოვენ ძველი ხელისუფლების გასამართლებას ყოველგვარი მტკიცებულების და კანონიერი საფუძვლის გარეშე, რომ შექმნან ილუზია და მათი მხარდაჭერა მაინც არ დაკარგონ. ამიტომმიდიან ყველაფერზე.

ადვოკატის განცხადებით,  წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა კარგა ხანია ამოიწურა, ამიტომ ახალაია ტყვეობაში ჰყავთ.

ბაჩო ახალაისთვის ბრალის დამძიმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც.

ნადარეიშვილი: "ბაჩოს განაჩენი ქურდების საქმეზე გამოცხადდება ორშაბათს 10 საათზე, აქედან გამომდინარე (როგორც ყოველთვის ხდება) ბაჩოს ახალი ბრალი წაუყენეს ამ წუთებში - "გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირებისთვის პრივილიგირებული პირობების შექმნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში" მუხლი 332 ნაწილი პირველი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სანქცია ჯარიმა ან 0-დან 3 წლამდე პატიმრობა) აქოცებულო პროკარატურა მე მაინც ბავშვების ჭამის ბრალდებით ველოდი ამ განაჩენის წინ ბრალის წაყენებას, ვაი თქვე საცოდავებო!!!

შეგახსენებთ ეს ის საქმეა სადაც მამა ნიკოლოზზე ახორციელებდნენ ზეწოლას პროკურატურაში და აიძულებდნენ ბაჩოსთვის დაედო ხელი!“