ზვიგენები პრემიერის სასახლეში და ოცნებაგაწბილებული ხალხი

  15:47:22     23-10-2013

„ოცნების ხელისუფლების“ ქვეყნის სათავეში მოსვლიდან 386 დღე გავიდა. წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან ერთი წლის მანძილზე, ივანიშვილის გუნდმა  ერთის შესრულებაც ვერ შეძლო.

გასულ წელს კი, „ქართული ოცნების“ ლიდერი ამომრჩეველს ათეულობით ათას სამუშაო ადგილის შექმნას ყველა ტრიბუნიდან ჰპირდებოდა. გაზის გადასახადის 3-ჯერ გაიაფების პირობაც საჯაროდ არაერთხელ დადო, პრემიერი წლის ბოლომდე 60 ქარხნის გახსნასაც გვპირდებოდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  დაპირებები საპნის ბუშტივით გაქრა.

ივანიშვილს პენსიონერებისთვის 220 ლარი დაენანა, თუმცა ფული არ დაზოგა პირადი კომფორტისთვის. მისი  გადაწყვეტილებით, სოლოლაკის სასახლის ბიზნესცენტრში პინგვინების და ზებრების შემდეგ, ზვიგენებისთვისაც მოინახა ადგილი.

ცნობილი ხდება, რომ ზვიგენების აკვარიუმისთვის 25 ტონა მარილი დაიხარჯა. ეს მაშინ, როცა ერთი წლის მანძილზე, ყველა სოფელში  5 მილიონი ლარის გადაცემას შეჰპირდნენ სოფლად მცხოვრებლებს, თან   ნულოვანი კრედიტით. არ შესრულდა 1, 2 და 3%-იანი გრძელვადიანი სესხებზე გაკეთებული დაპირებაც. მოტყუებულთა სიაში ირიცხება ზუგდიდიც. პრემიერმა ისინი უბრალოდ მოატყუა, როცა ზუგდიდის ეკონომიკაში მილიონი ლარის ინვესტიციას შეჰპირდა.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ისე დაიწყო და დამთავრდა, რომ გლეხს წინასაარჩევნოდ ზარ-ზეიმით გამოცხადებული უფასო სასუქი არ მიუტანეს. ივანიშვილის გუნდმა ქუთაისში საუნივერსტეტო ქალაქი არ დააფუძნა, თუმცა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი წარმატებით გააუქმა. ტყუილი გამოდგა დაპირება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მშენებლობა მასშტაბური უნდა გამხდარიყო. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან, ახალი მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ აშენებულის დემონტაჟს შეუდგა. შეჩერდა იუსტიციის სახლების მშენებლობა. რიყეზე გაჩერებულია ამფითეატრი, მთავრობამ შეაჩერა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაც.

დაკონსერვებულია კულტურული ცხოვრებაც, თუმცა აქტიურობს პრემიერის რეპერი ვაჟი, რომლის მთელი საქართველოს მასშტაბით გამართულ კონცერტებზე  ათი ათასობით ლარი დაიხარჯა.

არც ჯანდაცვის მიმართულებით გაცემული დაპირებები შესრულებულა. არ დაფინანსებულა დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა. ბოლო ერთი წელია, ათობით ადამიანი გულ-სისხლძარღვთა სტენტირება-შუნტირებაის 100%-ით დაფინანსებას სახელმწიფოსგან უშედეგოდ მოელის. არ დაფინანსებულა ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა. ივანიშვილმა ვერც მედპერსონალს აუხდინა ოცნება, როცა მათ ანაზღაურების გაზრდას დაჰპირდა. ახალი ხელისუფლების მთავარ პრობლემად კვლავ უმუშევრობა და ქვეყანაში გამეფებული შიმშილი რჩება. თუ ივანიშვილი და მისი გუნდი არჩევნებამდე უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს სოციალური დახმარების გაზრდას ჰპირდებოდა, რეალურად სხვა სურათი მივიღეთ, გამარჯვების შემდეგ, რამოდენიმე ადამიანს საერთოდ მოუხსნეს სოციალურად დაუცველის სტატუსი.

ხელისუფლებამ წარმატებით გაართვა ერთ დაპირებას თავი,  ამნისტია ძალიან ბევრ ადამიანს ნამდვილად შეეხო. კაკაბაძისა და ბესელიას წყალობით გათავისუფლებულმა ყოფილმა პატიმრებმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უამრავი ადამიანის ცხოვრება შეიწირეს.