რა გახდა რუსთავში 8 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი?

  11:56:04     23-10-2013

14 ოქტომბერს რუსთავში, ”რუსთავის წყლის” კუთვნილ ობიექტზე, კომპანიისაგან გათხრილ წყლით სავსე ორმოში დამხჩვრალი 8 წლის ბაჩო ქამუშაძე საჩხერის რაიონში ორი დღის წინ დაკრძალეს. ერთი შეხედვით, მომხდარი უბედურ შემთხვევას გავს, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა და მკვლელობაზე მიანიშნებს.

ქამუშაძეები, რუსთავში ე.წ. ინტერნატების უბანში ქირით ცხოვრობენ. მოსახლეობა ამ ამბავმა შოკში ჩააგდო. პატარას შიშველი ცხედარი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლით სავსე ორმოდან  დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ამოიღეს. ამავე ორმოში წყლის სრულად ამოტუმბვის შემდეგ ამოიღეს გარდაცვლილის ტანსაცმელიც. სწორედ ეს გარემოება აჩენს ეჭვს როგორ ან რატომ აღმოჩნდა შიშველ ბავშვთან ერთად მისი ტანსაცმელიც წყლიან ორმოში.

„პრესა.ჯი“ რუსთავის ჯავახიშვილის # 3-ის მცხოვრებლებს გაესაუბრა. მედიასთან საუბარში ქამუშაძეების მეზობლები აღნიშნავენ, რომ ტრაგედიის დღეს ბაჩოს მეგობრებმა დაუძახეს და ბავშვმა საჭმელი მაგიდაზე დააგდო და ეზოში ჩავიდა.

„ჩვენი დასახლების მახლობლად ცარიელი მინდვრებია და იქ წაუყვანიათ იმ ბავშვებს. იმ მინდვრებში სიარულს ჩვენი ბავშვები მას შემდეგ მიეჩვივნენ, რაც ”რუსთავის წყალმა” წყალსადენის შესაკეთებლად 8 თვის წინ კრატერის მსგავსი ორმო გათხარა. ის ორმო იმ დროიდან ამოუვსებელია. ამ ხნის განმავლობაში, როგორც მე ვიცი, იქ კინაღამ კიდევ ერთი უბედურებაც მოხდა, - ზაფხულში ერთი ბავშვი იხრჩობოდა, მაგრამ ის ამხანაგებმა გადაარჩინეს. ამ უბედურ ბავშვს რა მოუვიდა, რატომ არ გაუწოდეს ხელი ამხანაგებმა, არ ვიცი. მაგრამ მაშინ ჩვენი დასახლებიდან ერთ-ორი მშობელი დაინტერესდა, იმ თხრილს რატომ არ ავსებთო და ”რუსთავი წყალში” უპასუხეს, - იმიტომ არ ვავსებთ, რომ ეგ წყალსადენი სულ ფუჭდება და დრო და დრო ვაკეთებთო. რა ასეთი გაუკეთებელი დაადგათ? ასე როგორ შეიძლებოდა? ან საბოლოოდ გაეკეთებინათ, ან თუ ვერ აკეთებდნენ, მიწით დაეფარათ და როცა დაზიანდებოდა ის ოხერი წყალი, მერე თავიდან გაეთხარათ და ამ დროს თავზე დასდგომოდნენ, რომ უბედურება არ მომხდარიყო! მაგრამ ჩვენ ყველას გვჭირს ერთი უშველებელი უბედურება, - არავის აინტერესებს, რა მოჰყვება მის საქციელს. სამაგიეროდ, წყლის გადასახადის აკრეფა იციან მშვენივრად! მაინცდამაინც ეს საწყალი ბავშვი უნდა მომკვდარიყო, რომ ნიჩაბი აეღოთ ხელში და რვა თვის გაჭრილი კრატერი ამოევსოთ?“,- განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა.

ბავშვის მეზობლები 8 წლის ბაჩოს მკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათი განცხადებით, სავარაუდოდ, მას ფეხი დაუსხლტა და წყლით სავსე ორმოში ჩავარდა, ბავშვებმა კი ეს ფაქტი  დამალეს.

თავის მხრივ, ოჯახი ამ ვერსიას  გამორიცხავს. მკვლელობაზე საუბრობს ბაჩო ქამუშაძის მამაც : „ბექას თავი აქვს სავარაუდოდ ქვაზე დარტყმული, მაშინ როცა თხრილში არცერთი ქვა არ არის“ - აცხადებს ბესიკ ქამუშაძე.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა მეზიბლებიც და ოჯახი მომხდარში რუსთავის წყლის ბრალეულობასაც ხედავს.  მათთვის გაურკვეველია, რატომ დასჭირდა კომპანიას რვა თვე ამ თხრილის ამოსავსებად.

კომპანია "რუსთავის წყალი" მწუხარებას გამოხატავს რუსთავში მომხდარი ტრაგედიის გამო და ორმოს არსებობის მიზეზსაც განცხადებაში განმარტავს:  მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, აღნიშნულ ადგილას დაფიქსირდა ავარია, რის გამოც კომპანია "რუსთავის წყალი", იმავე დღიდან, ადგილზე აწარმოებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სწორედ ამ მიზეზით ობიექტი ჯერ კიდევ არ იყო მიწით დაფარული, რადგან მაგისტრალური მილსადენი, რომელიც წარმოადგენდა რთულ კვანძს, დამატებით საჭიროებდა შემოწმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის ობიექტი და მისი მიმდებარე ტერიტორია გარშემორტყმული იყო სპეციალური უსაფრთხოების ლენტით. "რუსთავის წყლის" ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია. კომპანია მზადაა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და ძიების პროცესში აღმოუჩინოს სათანადო დახმარება"-ნათქვამია განცხადებაში.

„პრესა.ჯი“- გამოძიების მიმდინარეობის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

ნინო გიორგობიანი: მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია სახადასხვა ექსპერტიზა. ველოდებით პასუხებს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე სხვა მუხლითაც აღიძრას.