კახეთში, 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, ჩაქოლვით ემუქრებიან

  16:55:58     22-10-2013

კახეთში, 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 67 წლის მამაკაცს, თანასოფლელები ჩაქოლვით ემუქრებიან. როგორც კახელები აცხადებენ, დაკავებულს ექვსთვიანი პატიმრობის ვადა 11 დეკემბერს გასდის. ადგილობრივები შიშობენ, რომ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული პირი მომავალშიც ჩაიდენს მსგავს ქმედებას. მოსახლეობა ითხოვს, რომ მამაკაცი სოფელში არ გამოჩნდეს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ვიდრე დააკავებდნენ, 67 წლის მამაკაცის მხრიდან გარყვნილ ქმედებებს ადგილი სხვა არასრულწლოვნების მიმართაც ჰქონდა.

პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრები. მათი თქმით, მოძალადე უფრო მკაცრად უნდა დასჯილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1948 წელს დაბადებული მამაკაცი, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა მცირეწლოვანი მეზობელი, 2009 წელს დაბადებული გოგონა და მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. შსს–ს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე დაიწყო, სსსკ-ის 141-ე მუხლით.

65 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალი 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა და რომლის მიმართაც თავდაპირველად წაყენებული ბრალდება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

„ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მუხლი, რომლითაც მამაკაცს ბრალი ჰქონდა წაყენებული, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მაგრამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება  გაფორმდა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა,“ - აცხადებს „კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბრისას საქმის ზედამხედველი, პროკურორი თინათინ ზუბაშვილი.