
ექსკლუზიური ინტერვიუ თენგიზ გუნავასთან: სამეგრელო ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი
19:30:56     21-10-2013
თენგიზ გუნავა არ გამორიცხავს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის რანგში „პრესა.ჯი“-ს უკანასკნელად აძლევს ექსკლუზიურ ინტერვიუს და დიდი იმედი აქვს, რომ 27 ოქტომბერს მას და მისი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს მიეცემა მთავრობის კონტროლის ოფიციალური მანდატი.
თენგიზ გუნავა დავით ბაქრაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა აცხადებს, რომ თუ „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, გიორგი მარგველაშვილს საშუალებას არ მისცემს თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
თენგიზ გუნავა: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს,"თანამდებობას თავად დავტოვებ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით, რწმუნებულს მარგველაშვილი ვერ გაათავისუფლებს. მარგველაშვილმა კარგად იცის, რა გამიკეთეს მე ამ ხელისუფლების პირობებში. ყველა ვარიანტში, თუ სცენარი წარიმართა ისე რომ „ქართული ოცნების“ საპრეეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა, მე ოპოზიციაში გადავინაცვლებ, არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეალებს ვუღალატო. არ მინდა ვიმუშავო ადამიანთან, რომელიც აცხადებს, რომ კრიმინალ გუბერნატორებს მოვხსნიო, ეს ყოვლად დაუშვებელია. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.
„პრესა.ჯი“: რა შანსები აქვს მარგველაშვილს სამეგრელოში?
- სამეგრელო ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. გამოკითხვებშიც ნათლად ჩანს, რომ რეგიონში დავით ბაქარაძე ლიდერობს. ხალხს ერთი წლის წინ იმედი ჰქონდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ოჯახში შევიდოდა, ყველა მათგანს დაასაქმებდა და ძალიან დიდ დაფინანსებას გამოუყოფდა, გაუსტუმრებდა კრედიტებს, შექმნიდა სამუშაო ადგილებს, პენსიას 230 ლარს გაუთანაბრებდა. ეს ხალხი მიხვდა, რომ ესდაპირებები საპნის ბუშტივით გაქრა. ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სამეგრელოს მოსახლეობას რეგიონში ასი მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას დაჰპირდა, თუმცა ამომრჩეველი მოტყუებული აღმოჩნდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქარხანა-ფაბრიკების გახსნა ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ ამ გახსნილ ქარხნებს, მხოლოდ სამთავრობო საიტებზე ვხედავთ.
- „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი გვილავას განცხადებით, აბაშის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან, დავით დარსმელიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა იცით მომხდარის შესაახებ? როგორც ვიცი, თქვენ აბაშაში იმყოფებოდით...
- მას შემდეგ, რაც ბატონმა დავით ბაქრაძემ აბაშელ ამომრჩეველთან შეხვედრა დაასრულა და დედაქალაქში გაემგზავრა, მეც დავტოვე შეხვედრის ადგილი. ჩემი ინფორმაციით, გიორგი გვილავა ბაქრაძესთან შესულ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდა. მსგავსი ქმედება კი წინასაარჩევნო გარემოს ნამდვილად არ უწყობს ხელს. გვილავას მიერ ჩვენი მხარდამჭერების შეურაცხყოფის ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. მე ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“ ჩაჯდეს კონსტიტუციურ ნორმებში და მისცეს სხვა პარტიის ლიდერს საშუალება, შეხვდეს ამომრჩეველს. ძალიან ცუდია, რომ გვილავა მსგავს რაღაცეებზე მიდის. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, კარგად ვიცნობ დარსმელიძესაც და ვთვლი, რომ გვილავა ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მას დაესმელიძე დაესხა თავს. აწყობ პროვოკაციას, ლანძღავ და აგინებ ოპონენტის მხარდამჭერებს და შემდეგ თავად გარბიხარ პოლიციაში, ეს არაკაცური საქციელია.
- რა გააკეთა და რა დაპირება ვერ შეასრულა „ოცნების“ გუნდმა სამეგრელოში?
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგიონში ახალი არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება სამეგრელოში პორტის მშენებლობას , ამ საკითხს რა თქმა უნდა მივესალმებით, თუმცა ეს პროექტი წინა ხელისუფლებას ეკუთვნოდა. გაჩერდა ლაზიკა, რომელსაც როგორც სტრატეგიული, ისე ეკონომიკური მნიშვნელობით ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო ქვეყნისთვის. ხედავთ, რომ შეჩერდა ზუგდიდის ცენტრში იუსტიციის სახლის მშენებლობა. შეჩერებულია სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობაც. უნდა აღინიშნოს, რომ ანაკლიის წყალგაყვანილობა დასრულდა, თუმცა ეს პროექტი თითქმის ბოლომდე წინა ხელისუფლებამ განახორციელა. ახალ ხელისუფლებს კი მოუწია მხოლოდ დაესრულებინა უმნიშვნელო ნაწილი. ხელისუფლება შამგონის გზის რეაბილიტაციის მიწრასაც შეეცადა საკუთარი თავისთვის, თუმცა გზის მშენებლობისთვის თანხა ჩაიდო ძველი ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება გაკეთებულ საქმეს, არ მინდა დავუკარგო ჩვენ ოპონენტებს ის ფაქტი, რომ ქალაქის მასშტაბით რამოდენიმე სამანქანო გზა მოპირკეთდა. თუმცა ხელისუფლებამ სანიაღვრე სისტემებისა და კანალიზაციის პრობლემა ვერ მოაგვარა აღნიშნულ ქუჩებში. კეთდება შემოვლითი გზა, რომელიც ქალაქში მოძრაობს განმუხტავს და ეს მისასალმებელია.
- როგორ შეაფასებდით კრიმინალურ მდგომარეობას რეგიონში?
- საქართველოში დაბრუნდა ის მიდგომა , როგორიც იყო შევარდნაძის პერიოდში. 2003 წლამდე მალავდნენ დანაშაულის სტატისტიკას. არეგისტრირებდნენ მხოლოდ გახსნილ დანაშაულს. 2003 წლის შემდეგ კრიმინალს ჩვენც წავაწყდით. თუმცა ეს არ დაგვიმალავს. 2006 წლის შემდეგ იკლო დანაშაულის მაჩვენებელმაც. ძალიან მიკვირს რატომ არ ამახვილებს შს სამინისტროს სტატისტიკაზე ყურადღებას, ალბათ ერთობლიობაში უნდათ დაგვანახონ რომ „ქვეყანაში“ წესრიგია. რეალობა კი ხდება ჩვენ თვალწინ. თუნდაც ბოლო ფაქტი ავიღოთ, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში ამნისტიით გათავისუფლებულმა პირმა სიცოცხლეს გამოასალმა 72 წლის ძალზედ პატიოსანი ადამიანი.
- ხობის რაიონში მომხდარ ფაქტს გულისხმობთ ალბათ, ჩვენ ვიმყოფებოდით იმ სოფელში, სადაც რამოდენიმე დღის წინ განხორციელდა აღნიშნული სპეცოპერაცია, რომელიც ორივე მხარისთვის ფატალურად დასრულდა, სოფელში ამბობენ, რომ შს სამინისტრო ბოროტმოქმედის ასაყვანად მოუმზადებელი იყო...
- სამწუხაროდ ამ ფაქტს, შეეწირა სპეცდანიშნულების ოფიცერი, ბუნებრივია, ისმის კითხვები. თუმცა, მე არ შემიძლია მსგავს დეტალებზე ვისაუბრო, რადგან ჩემთვის უცნობია მოხდა თუ არა დაგეგმა სპეცოპერაციამდე. შემიძლია დაგისახიათოთ გარდაცვლილები. კუჭავა იყო მრავალჯერ ნასამართლევი პირი, მას 9 წელი ჰქონდა მისჯილი, შეეხო ამნისტია ციხიდან გამოსვლიდან ოთხ დღეში კი დააყაჩაღა საკუთარი ნათესავი. ყაჩაღობა კი როგორც იცით მსხვერპლით დასრულდა. რაც შეეხება სპეცდანიშნულების ოფიცერ დავით დემურიას, მე მასთან მიმუშავია, იყო თავის საქმის პროფესიონალი. თუმცა რა მოხდა იმ ავბედით დღეს, ჩემთვის უცნობია.
-რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას შინაგან საქმეთა მინისტრმა მსგავსი დანაშაულების პრეზუმციისთვის?
- შს სამინისტრომ უნდა გადახედოს თავის კადრებს. უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში კორუფციაში იყვნენ გარეულნი. იყვნენ ჩართულნი ნარკობიზნესში. როდესაც ასეთი ადანიანები მაღალ ეშელონებში არიან, ისინი კრიმინალს ნამდვილად ვერ შეამცირებენ, რადგან თავად იყვნენ მონაწილეები ადამიზნთა გატაცებაში, მანქანების მასიურად გატაცებაში და სხვა.
- პატიმრების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტებზეც მინდა გკითხოთ, ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი გოგა ძველაიას მშობლებს მოზარდის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ...
- ამ ბავშვის გარდაცვალების საკითხზე სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, თუმდაც მის დაკავებასთან დაკავშირებით, ეს ბიჭი ხმამაღლა აცხადებდა, რომ მას ქუთაისის საპყრობილეში გადასვლა არ უნდოდა, რადგან წინა პატიმრობისას კონფლიქტი ჰქონდა ე.წ ციხის მაყურებელთან. როგორც მამამისმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, გოგა ძველაიას ამ მაყურებელთან ჩხუბის შედეგად ხელიც კი ჰქონდა დაზიანებული. გაურკვეველია, რატომ შევიდა სასამართლოში პროკურატურა არასრულწლოვანის დაკავების მოთხოვნით, როცა წვრილმან ქურდობასთან გვქონდა საქმე, და თუ მაინც დაკავება იყო საჭირო, რატომ არ დააკავეს ძველაიასთან ერთად ქურდობაში შემჩნეული მისი მეგობარი ჭანტურია.
- შესაძლებელი იყო თუ არა რომ პატიმრის განცხადების საფუძველზე, ძველაია არ გადაეყენებინათ ქუთაისის ნომერ მეორე საპყრობილეში?
- დიახ, ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლებოდა. როდესაც ადამიანი წერს და მოგმართავს, რომ მისი სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს ფაქტი აუცილებლად ყურადსაღებია, არ გადაეყვანათ ქუთაისში და წაეყვანათ თუნდაც თბილისში. ახლა რაც შეეხება კამერაში არსებულ ფირებს, როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში ძველაიას ოჯახს უთხრეს, საკანში კამერა იყო, სადაც სუიციდი მოხდა, შემდეგ აღმოჩნდა რომ ვიდეოკამერა ამ კონკრეტულ კამერაში არ იყო დამონტაჟებული და იყო დერეფანში. მამამისისგან ვიცი რომ ამ ფირებს სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება შემოწმება. კითხვის ნიშანს აჩენს ის გარემოებაც, რომ პატიმარი, რომელმაც საპყრობილე ხვალ უნდა დატოვოს, წინა ღამით იკლავს თავს. ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
- ამ წუთებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, როგორ შეაფასებდით პარტიის გენმდივნის დაპატიმრების საკითხს ?
- ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. რაც შეეხება გენერალური მდივნის დაკავების საკითხს, მისი პატიმრობაში ყოფნის აზრს, როგორც ჩვენ ისევე საერთაშორისო ორგანიზაციების ვერ ხვდებიან. პრემიერს 19 პირილის შემდეგ გარკვეული შიშები დაეწყო, პარტიის გაძლიერების შეეშინდა და დაიჭირა პარტიის ხერხემალი. ეს არის პოლიტიკური დევნა ამ პიროვნებების მიმართ, ამას მოწმობს სასამართლოებზე „შპარგალკიანი“ მოწმეები და აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ადგილი აქვს როგორც მერაბიშვილის, ისე ახალაიას პროცესებზე.
- იმ შემთხვევაში, თუ დატოვეთ პოსტი და როგორც ამბობთ, გადაინაცვლეთ პარტიაში, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კვლავ დაგაპატიმროთ?
- არ არის გამორიცხული... ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე და იმუნიტეტი გამომიმუშავდა, თუმცა მოვა დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება და ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ უკანონობაში იღებდა მონაწილეობას.
- აცხადებთ, რომ ყველა აგებს პასუხს, „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის ემზადება?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. ტყუილად ჰგონია ბევრს, რომ ნაციონალური მოძრაობის განადგურებას შეძლებს. ვემზადებით მომავალი გამარჯვებებისთვის.
- რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის მთავარი მიზეზი?
- ჩვენ არ გვყავდა ძლიერი ოპოზიცია, რომ მიეთითებინა შეცდომებზე, თუმცა არა იმ ფორმით, რასაც ჩვენ ვხედავდით, ქუჩის აქციებს ვგულისხმობ.
- თქვენი აზრით, ციხის სკანდალი არ იყო შავი ლაქა თქვენ 9 წლიან მმართველობაში? მით უფრო, რომ სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში არაერთხელ საუბრობდა ციხეში არსებულ მდგომარეობაზე
- ძალიან ბევრიი რეფორმა ჩატარდა ამ წლების განმავლობაში. რეფორმას მიყვება ხოლმე განაწყენებული ადამიანების ჯგუფი. ნამდვილად იყო ცალკეული შეცდომები, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი.
- ანუ პატიმრების წამება გამოგეპარათ?
-პირველმა მწამებელმა და ოცნების სახემ ლადო ბედუკაძემ თვითონვე აღიარა, რომ მან თვითონ დადგა ეს სპექტაკლი და თვითონვე გადაიღო ფირზე. ეს ფილმი იყო ბოლო წვეთი გამარჯვებისთვის. დღეს კი დგინდება რომ ეს კადრები იყო დადგმული. ახალი ხელისუფლების პირობებში, მთავარი მწამებლები გარეთ არიან. ერთადერთი ფაქტი იყო, რომელიც კარანტინის დაშლისაა გადაღებული, დანარჩები ყბადაღებული თემა ცოცხებზე, იყო ბედუკაძის დადგმული.