
კბილაშვილი: ჟვანიას ცხედრის ეგზჰუმაციის თარიღი ჯერ გარკვეული არ არის
11:21:15     18-10-2013
გენპროკურორ კბილაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგზჰუმაციის თარიღი ჯერ გარკვეული არ არის. მისივე თქმით, საქმეში ახალი გარემოებები გამოჩნდა და ამასთან დაკითხულია მოწმე ნათელა მოდებაძე.
„აქამდეც დამიდასტურებია, რომ არის ახალი გარემოებები, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, შესაბამისად, პროგნოზირება იმის, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული. დაველოდოთ მოვლენებს. ყველა ადამიანი, მათ შორის, მოქალაქე ნათელა მოდებაძე პროკურატურის მხრიდან უკვე გამოკითხულია", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ თემაზე კომენტარი გუშინ საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი. ყველამ იცის, იქ რა მოხდა. იყო ფედერალური ბიუროს დეტალური დასკვნა. ოჯახი ამ დასკვნას იცნობს. ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანის პირად, ბევრ და ძალიან ღრმა დეტალს. ჩემთვის ზურას სახელი იყო წმინდათაწმინდა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის, მისი ოჯახის წევრისთვის, მის სინდისზე იყოს. მე ძალიან მიყვარდა ზურა ჟვანია და მისი რეპუტაცია, სახელი და ხსოვნა არის წმინდათაწმინდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს",- აღნიშნა სააკაშვილმა.