სააკაშვილი: "პრემიერ-მინისტრს ანგარიშზე დიდი თანხა აქვს, მაგრამ ძალიან ცოტა წიგნი აქვს წაკითხული“

  17:32:08     17-10-2013

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პრემიერ ივანიშვილს  საქართველოს კონსტიტუცია წაკითხული არ აქვს. განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში,  გიორგი მარგველაშვილს მასში მონაწილეობას არ ურჩევს.

სააკაშვილი: "პრემიერ-მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ პირად ანგარიშზე დიდი თანხა აქვს, ძალიან ცოტა წიგნი აქვს წაკითხული, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ, მაშინ როდესაც წიგნები უნდა წაეკითხა, ფულის შოვნით იყო დაკავებული".

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანის გარდაცვალების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ექსპრემიერი მისი მეგობარი იყო. პრეზიდენტის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.

"მე არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს. ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი. ყველამ იცის, იქ რა მოხდა. იყო ფედერალური ბიუროს დეტალური დასკვნა. ოჯახი ამ დასკვნას იცნობს. ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანის პირად, ბევრ და ძალიან ღრმა დეტალს. ჩემთვის ზურას სახელი იყო წმინდათაწმინდა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის, მისი ოჯახის წევრისთვის, მის სინდისზე იყოს. მე ძალიან მიყვარდა ზურა ჟვანია და მისი რეპუტაცია, სახელი და ხსოვნა არის წმინდათაწმინდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს",- განაცხადა სააკაშვილმა.