ცინცაძე: ივანიშვილის გადაწყვეტილებების შეფასებისას, მეცნიერული ანალიზი უძლურია

  17:04:45     17-10-2013

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ ივანიშვილმა დღეს, გაზეთებისა და რადიოების რედაქტორებთან, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატარა.

სოსო ცინცაძე: არასასიამოვნო ტონად მეჩვენა პრემიერის ის განცხადება, სადაც მან მარგველაშვილის შანსებზე ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ თუ მის კანდიდატს ამომრჩეველთა 60 % არ დაუჭერს მხარს, ეს პირადად მისი შეურაცხყოფა იქნება. ჩემთვის გაუგებერია რატომ უკავშირებს ბატონი ბიძინა მის ავტორიტეტს მარგველაშვილისას. რატომ გამორიცხავს პრემიერი, რომ ხალხს შეიძლება მოწონდეს ივანიშვილი, მაგრამ არ მოწოდდეს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი? მით უმეტეს, ამ საკითხში მსოფლიო პრაქტიკა სულ სხვაგვარია. 1944 წელს. რუზველტს ხმა ამომრჩეველთა 60%-მა მისცა, მაგრამ მის მიერ შერჩეული ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი საერთოდ დაუწუნა ამერიკის მოსახლეობამ.

„პრესა.ჯი“: რამდენად რეალურია არჩევნების მეორე ტური გაიმართოს?

- რომ არა პრემიერის ასეთი აქტიური ჩართვა, მეწორე ტური აუცილებელი იქნებოდა. პრემიერი მოწოდებებით გამოვიდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუჩნდეს მარგველაშვილს ეს 60 %. ეს შეიძლება აღიქვას როგორც ბრძანება ,დირექტივა.

- არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ივანიშვილის განცხადება ამომრჩეველზე ზეწოლაა...

- აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება ივანიშვილმა მისდა უნებურად გააკეთა. არ მინდა ვიფიქრო, რომ პრემიერი გაყალბების მომხრეა.

- ივანიშვილმა არც დღეს დაასახელა ვინ შეცვლის მას არჩევნების შემდეგ, თქვენ როგორ გგონიათ, ვის დაასახელებს პრემიერი მემკვიდრედ, ან თუნდაც რომელი მინისტრი ვერ მოხვდება რჩეულთა შორის?

- პრემიერი იქნება ივანიშვილის ახლო წრის წარმომადგენელი. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პრემიერი ვერ გახდება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. დღესაც მიიღო დიდი შენიშვნა მინისტრმა პრემიერისგან.

- შეიძლება ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი განვიხილოთ?

- არა მგონია, რადგან ირაკლი ძალიან კარგად მოერგო შინაგან საქმეთა სამინისტროს. არც უსუფაშვილი დასახელდება პრემიერად, რადგან ივანიშვილმა არერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის საჭიროა პარლამენტში. საერთო ჯამში, რთულია პროგნოზების გაკეთება, რადგან პრემიერმა მიგვაჩვია მოულოდნელ გადაწყვეტილებებს. ივანიშვილის გადაწყვეტილებების მეცნიერული ანალიზი უძლურია.