
თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს უჩივლოს, კუკავა კი მაკომპრომენტირებელი მასალებით იმუქრება
14:34:50     17-10-2013
ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „გიორგი თარგამაძე მოღალატეა“ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა უკვე უპასუხა.
თარგამაძე აცხადებს, რომ, „პრემიერს ზოგიერთი სიტყვის შინაარსი უბრალოდ კარგად არ ესმის“.
გიორგი თარგამაძე: „არ მინდა, შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ვუპასუხო. ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ამ საქმეში ვერ გავეჯიბრები. აღარ ვიცი, ამ ყველაფერზე გამეცინოს თუ ნაწყენი დავრჩე. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, ეს არის სერიოზული ბრალდება. როგორც ჩანს, პრემიერს უბრალოდ კარგად არ ესმის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი. ეს აღარ არის ზოგადი შეფასება. ის ბრალდება, რომ მე სახელმწიფო მოღალატე ვარ, აბსურდია. თუ მას არ ესმის სიტყვის შინაარსი, მივმართავ სასამართლოს, სადაც მას დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის, რაც არ უნდა ბევრი ფული და მაღალი თანამდებობა ჰქონდეს. მე არ ვაპირებ სახელმწიფო მოღალატის სტატუსით ვიარო პოლიტიკაში. თუ კი ივანიშვილს ამ ბრალდების მტკიცებულებები გააჩნია, სასამართლოში წარმოადგინოს, თუ არა და მან პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის როგორც ჩემი, ასევე ჩემი ამომრჩევლის წინაშე“, -განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
პრემიერის ბრალდებას ბრალდებით პასუხობს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კატეგორიულად გმობს ივანიშვილის იმ განცხადებს, რომლის მიხედვითაც კუკავა იქ დგას, სადაც მას ფულს უხდიან. კუკავა მედიის წარმომადგენლებს ხვალ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, მისი რამდენიმე მრჩევლისა და მინისტრის მაკომპრომეტირებელი მასალების გასაჯაროებას ჰპირდება.
კუკავა: „ამ ინფორმაციას დღემდე კონფიდენციალურად ვინახავდი, რათა „ქართული ოცნების“ იმიჯისთვის არ მიმეყენებინა ზიანი, მაგრამ ვინაიდან პრემიერმა ფულის მოსყიდვის თემა გახსნა, მე ხვალ ქართულ მედიას მივაწვდი იმ ვიდეომასალას, სადაც აღბეჭდილია, როგორ ახდენდნენ დღევანდელი მინისტრები და მრჩევლები ჩვენი პარტიის მაჟორიტარების მოსყიდვას იმ პირობით, რომ დაეტოვებინათ ჩვენი პარტია და გადასულიყვნენ „ქართულ ოცნებაში“. ამ კრიმინალურ გარიგებაში ჩართული იყო პირადად პრემიერი. მე კონკრეტული სახელებით და გვარებით ვიდეო– მტკიცებულებებს ხვალ ქართულ მედიას გავაცნობ“.
რაც შეეხება პრემიერის მიერ „მასხარად“ შერაცხული შალვა ნათელაშვილის პოზიციას, როგორც „პრესა.ჯი“-ს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა განუცხადეს, შალვა ნათელაშვილი თბილისში არ იმყოფება. ის ივანიშვილის შეფასებზე კომენტარს დედაქალაქში დაბრუნებისთანავე გააკეთებს.