![გარდაცვლილი ძველაიას მეგობარი: წყლით სავსე ბოთლით მცემდნენ გარდაცვლილი ძველაიას მეგობარი: წყლით სავსე ბოთლით მცემდნენ](http://presa.ge/img/multimedia/a25841.jpg)
გარდაცვლილი ძველაიას მეგობარი: წყლით სავსე ბოთლით მცემდნენ
19:18:32     16-10-2013
7 ოქტომბერს, ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი გოგი ძველაიას, მეგობარი გიორგი ნაჭყებია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც „პრესა.ჯი“-ს 16 წლის გარდაცვლილი პატიმრის მამამ თენგიზ ძველაიამ განუცხადა, სამძიმარზე მისულმა ნაჭყებიამ გოგა ძველაიასა და მისი დაკავების შესახებ ოჯახს ინფორმაცია მიაწოდა.
ძველაიებმა გიორგი ნაჭყებიას მონაყოლი ტელეფონით გადაიღეს, ვიდეოში მოზარდი ყვება, როგორ განვითარდა მოვლენები მისი და გოგის დაკავების შემდეგ, 3 ოქტომბერს, სენაკის პოლიციაში.
ნაჭყებიას მონაყოლიდან ირკვევა, რომ ის და მისი მეგობარი გოგა ძველაია, მაგნიტოფონის ქურდობის ბრალდებით, სენაკის პოლიციამ დააკავა. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ძველაიას მეგობარი აცხადებს, რომ როდესაც მისგან ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება, ერთ-ერთმა პოლიციელმა ჯერ ხელი დაარტყა, შემდეგ კი მაცივრიდან გამოიტანა წყლით სავსე ბოთლი და თავში ურტყამდა მას. გიორგი ნაჭყებია ირწმუნება, რომ მისი წამება დაახლოებით 1 სააათი გრძელდებოდა.
გარდაცვლილის მეგობარმა არ იცის, იყო თუ არა ზეწოლა გოგა ძველაიაზე, თუმცა არ გამორიცხავს , რომ იგივე მეთოდებით მიეღოთ პოლიეციელებს მათთვის სასურველი ჩვენება. ცნობილია, რომ გიორგი ნაჭყებიას დანაშაული არ უღიარებია. ის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
„პრესა.ჯი“ პირადად გიორგი ნაჭყებიასთან ინტერვიუს ჩაწერას შეეცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე ჩვენთან დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
გარდაცვლილი პატიმრის მამა კი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ნაჭყებიას განცხადებით პროკურატურაში აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ, რადგან არ არის გამორიცხული, რომ პოლიციას გოგა ძველაიაზეც ეძალადა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შევეცადეთ. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას გადაამოწმებენ, რის შემდეგაც გაკეთდება შესაბამისი კომენტარიც.