„ციხის ყოფილი უფროსი გაიტაცეს, სცემეს და ფოტოები კრიმინალურ ავტორიტეტებს გაუგზავნეს“

  14:52:13     16-10-2013

სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტი „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაუდასტურა. ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ბრეგვაძის ცემის ფაქტზე ვაკე საბურთალოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა სამი პიროვნება დააკავეს.

გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გიორგობიანისთვის უცნობია იყვნენ თუ ეჭვმიტანილები წარსულში ნასამართლევნი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტი სოციალური ქსელით „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა გაავცელა. როგორც ნადარეიშვილმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, ციხის ყოფილი უფროსის ცემას  წინ მისი გატაცება უძღოდა.

ანი ნადარეიშვილი ბრეგვაძის გატაცებას „ქურდებთან“ მებრძოლებზე ნადირობის“ გაგრძელებად მიიჩნევს და აცხადებს რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, დავით ჩხიტუნიძეზე ცოტა ხნის წინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ.

ნადარეიშვილის ინფორმაციით, ლაშა ბრეგვაძე სცემეს, ფოტოები გადაუღეს და მის თვალწინვე გაუგზავნეს ერთ–ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს.

ანი ნადარეიშვილი: "ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება! ციხის ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ სცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის.

გადაუღეს ფოტოები და ვიდეო და მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის ბაჩოსაც".

„პრესა.ჯი“ ბრეგვაძის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, თუმცა ჩვენ გადამღებ ჯგუფს კარი არავინ გაუღო.  ლაშა ბრეგვაძე მობილურ ტელეფონსაც არ პასუხობს. მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ ციხის ყოფილი უფროსის მეზობლებსაც.

თუმცა, როგორც ბრეგვაძის მეზობლები ჰყვებიან, მას სასტიკად სწორედ ყოფილი პატიმრები გაუსწორდნენ.