გიგი უგულავა : სასამართლო პროცესი “სანტა-ბარბარასავით” გრძელდება

  12:47:58     16-10-2013

თბილისის მერი მთავარ პროკურატურას კითხვით მიმართავს, რატომ არ ფიგურირებს ე.წ. რიყის საქმეში ფონდი „ქართუ“, რომელიც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას.

„ეს ის დეტალია, რომელიც პროკურატურას რატომღაც გამორჩა. იმიტომ, რომ აუქციონის დამთავრების შემდეგ, როდესაც არქიტექტურული სამუშაოები მიდიოდა, მაშინ ფონდი „ქართუ“ არქიტექტურულ კონკურსში იყო ჩართული , რისთვისაც მხოლოდ მადლობა მეთქმის, როგორც მერს. ისინი დაგვეხმარნენ ორგანიზებაში, რამდენიმე ცნობილ არქიტექტორთან კონტაქტის დამყარებაში და ა.შ. მაგრამ როდესაც დაკითხა პროკურატურამ 150 მოწმე, ეს დეტალი რატომ გამორჩა?! იმიტომ გამორჩა, რომ მაშინ უნდა დაეკითხა დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები, მთავრობის თავმჯდომარე, რადგან ფონდი „ქართუ“ მას ეკუთვნის. არანაირი კრიმინალი იმაში არ არის, ისევე როგორც არერთ კომპონენტში ამ საქმის, მაგრამ თვითონ პროკურატურის დამოკიდებულება არის საინტერესო. იქნება და დავაძალეთ მაშინ „ქართუს“? ხომ უნდა გამოიკვლიო ყველა დეტალი“,- განაცხადა გიგი უგულავამ დღეს გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

როგორც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პროკურატურა დაინტერესებულია, რაც შეიძლება გაწელოს ეს პროცესი.

“მიზეზს ვერ გეტყვით. მთავარი მოწმე იცით, ჯოზეფ ქეია, რომელიც  საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, როგორც თაღლითი. შეუძლია პროკურატურას მოიყვანოს თავისი ჯოკერი, დაიკითხოს და ამით სასამართლო დამთავრდეს. შესაბამისად, სასამართლოს ექნება საშუალება გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომ ან მე ვარ მტყუანი, ან პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მარტივად, მაგრამ როგორც ვხედავთ, ყველაფერი კეთდება, რომ თვეში ერთხელ დაბარებულივით მოვდივართ აქ, ვისმენთ მოწმეებს ხელმეორედ. ეს პროცესი დაახლოებით “სანტა-ბარბარასავით” გრძელდება”, - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერი დავით კეზერაშვილის დაკავების ფატქს გამოეხმაურა. მისი თქმით,  დეტალები უცნობია. "დათო კეზერაშვილი არის ჩემი მეგობარი. ჩვენი მეგობრობა არ დაწყებულა პოლიტიკით და არც პოლიტიკით დამთავრდება. დეტალები არ ვიცი და არც შემიძლია ვთქვა, საფრანგეთის სასამართლო ექსტრადიციაზე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. თუმცა, ანალოგიის პრინციპით შემიძლია ვიმსჯელო, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს სახელმწიფოს ექსტრადიციაზე. მეტიც, უკვე დაახლოებით 30-მდე პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე პირია, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანამ შეიფარა. თვითონ ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური დევნა ხორციელდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს იმით, რომ ამ ხალხს აძლევს პოლიტიკურ თავშესაფარს",-განაცხადა უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ე. წ. რიყის ტერიტორიისა და "იმედის" გასხვისებისის საქმეზე დავით კეზერაშვილი იმიტომ ფიგურირებს, რომ მისი მეგობარია. "ის ამ საქმეში ფიგურანტია იმიტომ, რომ არის ჩემი მეგობარი და მეტი არაფერი", - განაცხადა უგულავამ.